ახალი ამბები

“ნამახვანჰესის” აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

15 აპრილი, 2021 • 840
“ნამახვანჰესის” აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  სასამართლო განჩინების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან ძმები – ფირუზ და რევაზ წულუკიძეები, ასევე, ძმები – ირაკლი და გელა ჭელიძეები. ძმები ჭელიძეები პოლიციამ საკუთარ სახლში აიყვანა, ხოლო წულუკიძეები- ქუჩიდან.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ,,ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა” ,– წერს შს სამინისტრო.

სამინისტროს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ფოტოზე: ფირუზ წულუკიძე „რიონის ხეობის დამცველების“ აქციაზე. ფოტო: „ნეტგაზეთი“/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი