ახალი ამბები

მაისის დასაწყისში მივიღებთ არა “ფაიზერის”, არამედ “ასტრაზენეკას” 83 000 დოზას – სამინისტრო

14 აპრილი, 2021 • 781
მაისის დასაწყისში მივიღებთ არა “ფაიზერის”, არამედ “ასტრაზენეკას” 83 000 დოზას – სამინისტრო

“ნეთგაზეთმა” და “ბათუმელებმა“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანა 83 000 დოზა “ფაიზერის” წარმოების ვაქცინას მიიღებდა.

თუმცა, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ სამინისტროს წერილში იყო ტექნიკური შეცდომა და საქართველო მაისში COVAX პლატფორმისგან არა “ფაიზერის”, არამედ “ასტრაზენეკას” ვაქცინის 83 000 დოზას ელოდება.

ჯანდაცვის სამინისტროსგან “ბათუმელებისთვის” გამოგზავნილ წერილში ეწერა, რომ „მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინას“.

დამატებით მიღებულ წერილში კი სამინისტრო აღნიშნავს, რომ „კორესპონდენციაში ნაცვლად 83000 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინისა, უნდა იყოს მითითებული 83000 დოზა ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინა და წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83000 დოზა ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი