“ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციასა და ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”, – ეს განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა გააკეთა იმ კითხვაზე საპასუხოდ, რომელიც ვადამდელი არჩევნების საკითხზე გიორგი გახარიას გუნდის პოზიციას ეხებოდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის ექვსმა წევრმა “ქართული ოცნება” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნას იწყებენ.
დღეს “ქართული ოცნება” დატოვეს შემდეგმა დეპუტატებმა:
- გიორგი ხოჯევანიშვილმა (გორი – კასპის მაჟორიტარი)
- ალექსანდრე მოწერელიამ (წალენჯიხა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი)
- ბექა ლილუაშვილმა (გახარიას ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში)
- შალვა კერსელიძემ (მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი)
- ანა ბუჩუკურმა (პრემიერის აპარატის ყოფილი უფროსი)
- მიხეილ დაუშვილმა (ყოფილი ბიზნესომბუდსმენი)
გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, მათ უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას. მისი თქმით, ისინი ითანამშრომლებენ ყველა კონსტრუქციულ ძალასთან. მათ შორის, კონსტრუქციული მიდგომის შემთხვევაში ივლიან იმ ტელევიზიებში, სადაც დღეს “ქართული ოცნების” წევრები არ დადიან.
“იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი გუნდი დაიწყებს მზადებას და მონაწილეობას მიიღებს მასში”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.