ახალი ამბები

ტიკარაძე: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება,”ლოქდაუნზე” ვიფიქრებთ

14 აპრილი, 2021 •
ტიკარაძე: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება,”ლოქდაუნზე” ვიფიქრებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “დღის თემა” აცხადებს, რომ თუ კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს გადააჭარბებს, ეს იქნება ნიშანი, რომ ხელისუფლებამ ე.წ. ლოქდაუნსა და გამკაცრების ღონისძიებებზე იფიქროს.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება ხდება და ხელისუფლების მიდგომა დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგის გამკაცრებაა, რათა ეკონომიკური საქმიანობები არ შეიზღუდოს:

“დადებითობის მაჩვენებელთან ერთად, ჩვენ ინფექციის განვითარების კოეფიციენტსაც ვაკვირდებით. მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა. დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოქდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე.

ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება. ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი. ვინაიდან ჩვენი სურვილია, ეფექტიანი მართვის პირობებში ეკონომიკა არ გავაჩეროთ, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან.

ყველაზე დიდ საფრთხეს დღესდღეობით სარესტორნო სივრცეები წარმოადგენს, სადაც ყველაზე ნაკლებად ხდება აუცილებელი პირობების დაცვა. მათი მხრიდან ყველაზე მეტად ხდება ყველა იმ პირობის დარღვევა, რომელზეც მათ გახსნაზე იყო საუბარი. სხვა სექტორს არ ეხება საუბარი. ამ ეტაპზე განიხილება ყველაზე მაღალი რისკის მქონედ ის დაწესებულებები, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება” ,– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.


ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1085 შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა. StopCov-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შემთხვევები 35 863 კვლევის საფუძველზე გამოვლინდა, მათ შორის 23 896 ანტიგენის, 11 967 კი PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.03%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.67% იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი