საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 14 წელს მიუღწეველი გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის შეუტყობინებლობის ბრალდებით არასრულწლოვნის დედას ბრალი წაუყენეს.
უწყების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ზ.მ. იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას. ზ.მ-ს ქმედების შედეგად, არასრულწლოვანი დაორსულდა და 2020 წლის 21 ივნისს ბავშვი გააჩინა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ დედისთვის ცნობილი გახდა ზ.მ-ს მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.
“ქალს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, — აცხადებენ უწყებაში.