სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა 13 აპრილის კენჭისყრაზე დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის მიერ წარდგენილ გენერალური პროკურორობის კანდიდატურას, რუსეთის მოქალაქე ვიტალი სავჩენკოს მხარი არ დაუჭირეს [30-დან მხოლოდ 9-მ დაუჭირა მხარი]. აქამდე ვიტალი სავჩენკო რუსეთში, კრასნოდარში, პროკურორად მუშაობდა.
ადგილობრივი რეგულაციებით, ბიბილოვმა 30 დღის ვადაში პარლამენტს ახალი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს.
ყოფილ გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს უფლებამოსილების ვადა 6 აპრილს ამოეწურა. მის ვადამდე დათხოვნას მოითხოვდნენ დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები და საზოგადოების ნაწილი მას შემდეგ, რაც ცხინვალში 2020 წლის აგვისტოში ადგილობრივი მილიციის შესაძლო მონაწილეობით ცხინვალში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, ინალ ჯაბიევი მოკლეს. პარლამენტარებს მიაჩნდათ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი შეგნებულად უშლიდა ხელს ჯაბიევის საქმის გამოძიებას და ხელს აფარებდა დამნაშავეებს. მათი მტკიცებით, ჯაგაევს დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი მფარველობდა.