ახალი ამბებირეკლამა

თბილისის მერია და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ

16 აპრილი, 2021 • 1216
თბილისის მერია და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ

14 აპრილს თბილისის მერია და იუნესკო-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრება.

კულტურის ცენტრ „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ. N8), დაგეგმილია ღონისძიებების სერია, რომელიც აერთიანებს სალექციო და სამუშაო ხასიათის შეხვედრებს, ასევე, აქტივობებს ბავშვებისთვის.   

მთავარი პანელდისკუსიის მონაწილეები, თამარ მახარობლიძე და გია ალიბეგაშვილი, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს გაიხსენებენ. შეხვედრის მოდერატორია მწერალი და ჟურნალისტი, ნესტან ნენე კვინიკაძე. დისკუსიის დაწყებამდე, წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ.  

მწერლები თამთა მელაშვილი და დათო გაბუნია, შემოქმედებითი წერის თაობაზე ისაუბრებენ, ხოლო რედაქტორი ანა ჭაბაშვილი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ლევან ბრეგაძე, ენის გათანამედროვების საკითხებს მიმოიხილავენ.

პარალელურად, დაგეგმილია სასწავლო შეხვედრები და ლექციები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის:

[checklist]

  • ილუსტრაცია – თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი; 
  • კალიგრაფია –  დავით მაისურაძე, ლეილა ბაღბაია, ნინო იკაშვილი, გიორგი გორგიაშვილი;
  • კომიქსის შექმნის ხელოვნება –  დათო მაჭავარიანი (კაკადუ);
  • ტიპოგრაფია –  აკაკი რაზმაძე;
  • წიგნი 14 აპრილის შესახებ (კვლევაზე მუშაობის პროცესი) – ანა ბაქანიძე;
  • თეატრალიზებული ზღაპრების კითხვა ბავშვებისთვის;

[/checklist]

ღონისძიება ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით, 14:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება. თითო შეხვედრაზე მაქსიმუმ 15  მსმენელი დაიშვება. ამისთვის, მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ „ფეისბუქის“ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ოფიციალურ გვერდზე (Tbilisi – World Book Capital) მითითებულ ბმულებზე.  

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან, ერთი წლის განმავლობაში ატარებს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული, მასობრივი და საბავშვო პროექტების განხორციელება. 

პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“. 

UNESCO World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და  გამომცემლების ხელშეწყობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი