ახალი ამბები

„რიონის ხეობის მცველებმა“ გზა გადაკეტეს – ამჯერად, ინვესტორის ტექნიკურ ბაზასთან

13 აპრილი, 2021 • 429
„რიონის ხეობის მცველებმა“ გზა გადაკეტეს – ამჯერად, ინვესტორის ტექნიკურ ბაზასთან

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე „რიონის ხეობის მცველებმა“ სოფელ გუმათში საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.

ამ წუთებში [18:00] ისინი იმყოფებიან გუმათის დასახლებასთან, სადაც ასევე მდებარეობს ინვესტორი კომპანია „ენკას“ ტექნიკური ბაზა.

დემონსტრანტები მოითხოვენ, პოლიციამ მოხსნას გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი და მისცეს მათ გადაადგილების უფლება სოფელი ნამოხვანისკენ, სადაც თვეების განმავლობაში ჰქონდათ აღმართული კარვები.

გზა დემონსტანტებმა 11 აპრილსაც გადაკეტეს გუმათჰესთან. თუმცა, როგორც ახლა განაცხადა დემონსტრაციის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა, იმ ადგილას გზის დაკეტვით ნამოხვანისკენ შემოვლითი გზის გამოყენების შესაძლებლობა კვლავ არსებობდა, ამჟამად კი ეს შესაძლებლობაც არ დატოვეს და, შესაბამისად, ვერც კომპანიის ტექნიკა და ვერც სხვა ავტომობილები ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე ვერ გადაადგილდებიან.

პოლიციას უკვე 2 კვირაზე მეტია, გუმათჰესთან ბლოკპოსტი აქვს აღმართული და გადაადგილებას ზღუდავს, ხოლო რამდენიმე დღეა, „რიონის ხეობის მცველებს“ საერთოდ აღარ უშვებს სოფელ ნამოხვანამდე, სადაც მათ პროტესტის გაგრძელება სურთ.

უფლებადამცველი ორგანიზაციებით შეფასებით, პოლიციის ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. წინა დღით 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს.

ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფო უხეშად არღვევს დემონსტრანტების მიმართ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

13 არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ გუმათთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს

მასალების გადაბეჭდვის წესი