დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აფხაზ ბიზნესმენსა და აფხაზეთის ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოფილ თანაშემწეს ბენურ კვირაიას ქართულ-აფხაზური დიალოგის პერსპექტივებზე სასაუბროდ თბილისში იწვევს.
“მე და ლევანი [იოსელიანი] მზად ვართ, ბენურ კვირაიას თბილისში ვუმასპინძლოთ და ვისაუბროთ მასთან ერთად ქართველებისა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსპექტივაზე და ჩვენს უკეთეს მომავალზე”, – აცხადებს პარლამენტის ტრიბუნიდან ელისაშვილი.
ამასთან, ელისაშვილი კვირაიას მადლობას უხდის გაბედულებისთვის.
“მან გაბედა და აქეთა საქართველოში ჩამოვიდა. მინდა აქედან მივესალმო და მადლობა ვუთხრა ამ გაბედულებისთვის. მან კონფლიქტი მოაგვარა. რა არის კონფლიქტი? – ეს არის სიძულვილი ერთმანეთს შორის. ამ მეომარმა კაცმა [აფხაზეთის ომის მონაწილე]კი, დაამარცხა ეს კონფლიქტი, გადააბიჯა თავის თავში ამას. ხელი ჩამოგვართვა და დაგველაპარაკა იმიტომ, რომ აწუხებს ის ყოფა, რაც აფხაზეთშია”.
აფხაზეთის ამჟამინდელი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ყოფილი თანაშემწე ბენურ კვირაია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 25 თებერვალს ჩამოვიდა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში თავად ისაუბრა. აფხაზურმა ოპოზიციამ ეს ფაქტი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენა და კიდევ ერთხელ დე ფაქტო ხელისუფლებას პროქართული უწოდა. მალევე ბჟანიას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კვირაია საქართველოში ვიზიტამდე, 19 თებერვალს, მისივე გადაწყვეტილებით დაითხოვეს თანამდებობიდან და, შესაბამისად, აღნიშნულ ვიზიტს ხელისუფლების ინტერესეთან კავშირი არ ჰქონია.
მოგვიანებით თავად ბენურ კვირაიამ აფხაზურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “საკუთარი ნებით, ბჟანიას დავალების გარეშე, საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად იმყოფებოდა და მომავალშიც აპირებს იმავე მიზნით გამგზავრებას”.
“მე შემიძლია პასუხი ვაგო ჩემს ყველა სიტყვასა და მოქმედებაზე. მე ვხელმძღვანელობდი კომერციულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას – შპს სკურჩას [მდებარეობს ოჩამჩირეში]. საქართველოში არ ვყოფილვარ პრეზიდენტის მითითების გამო. 18 თებერვალს მე მისგან ვითხოვე ნებართვა, მაგრამ მან მითხრა, რომ სანამ პრეზიდენტის თანამშემწე ვიყავი, ვერ წავიდოდი საქართველოში. 19 თებერვალს მე დავტოვე დაკავებული თანამდებობა.
ჩავედი საქართველოში და კიდევ ჩავალ. ეს იყო ჩემი კერძო ვიზიტი. საქართველოში ვიმყოფებოდი, რათა მომეზიდა დიდი ინვესტიციები ჩვენი სამშობლოსთვის. მე მინდა, რომ ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა, რომ ბევრი ფული მოვუტანო აფხაზეთსა და, შესაბამისად, ჩვენს ხალხს. მე მებრძოლი ვარ, 1989 წლიდან ვიმყოფებოდი აფხაზეთის გათავისუფლების მოძრაობაში და ვმონაწილეობდი პრაქტიკულად ყველა ოპერაციაში. ომის შემდეგ მე ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ ავაღორძინო ჩემი სამშობლო”, – განაცხადა კვირაიამ ინტერვიუში.