ახალი ამბები

მინესოტაში პოლიციელის მიერ შავკანიანი კაცის მკვლელობას აპროტესტებენ

13 აპრილი, 2021 •
მინესოტაში პოლიციელის მიერ შავკანიანი კაცის მკვლელობას აპროტესტებენ

მინესოტის შტატის ქალაქ ბრუკლინში პოლიციელმა 20 წლის აფროამერიკელი კაცი დანტე რაიტი დაკავებისას მოკლა. ბრუკლინის პოლიციის განცხადებით, პოლიციის ოფიცერი რაიტის წინააღმდეგ ელექტროშოკის გამოყენებას გეგმავდა, თუმცა შეცდომით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC წერს, ახალგაზრდა კაცის მკვლელობას ქალაქში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემოიღო კომენდანტის საათიც. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, როდესაც ბრუკლინის პოლიციის მთავარ ოფისთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის ოფიცრებს ფოიერვერკები ესროლეს და ბოთლები დაუშინეს, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ახალგაზრდა კაცი პოლიციამ კვირას საგზაო დარღვევის გამო გააჩერა. იმ დროს, როდესაც პოლიცია რაიტს ხელბორკილს ადებდა, 20 წლის კაცმა მანქანაში დაბრუნება სცადა. ოფიცრის სამხრე კამერით გადაღებულ კადრებში ისმის, რომ სროლამდე პოლიციელი რამდენჯერმე იმეორებს ფრაზას, რომელსაც ოფიცრები ელექტროშოკის გამოყენების წინ ამბობენ, რის შემდეგაც რაიტი მანქანის დაძვრას ცდილობს, რასაც თან მოსდევს სროლა. სასიკვდილოდ დაჭრილი რაიტი რამდენიმე ქუჩის გავლის შემდეგ ავარიაში მოყვა.

ბრუკლინის პოლიციის უფროსის განცხადებით, კაცს ჭრილობა ერთი ტყვიით ჰქონდა მიყენებული. მისი განცხადებით, პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გაისროლა, ცეცხლსასროლი იარაღის ნაცვლად ელექტროშოკის გამოყენებას გეგმავდა.

საპროტესტო გამოსვლები ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც რაიტის მკვლელობაზე ინფორმაცია გავრცელდა. ასობით მომიტინგე ქალაქის პოლიციის მთავარ ოფისთან შეიკრიბა. გამოცემა წერს, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს დაზიანდა მიმდებარედ განთავსებული 20-მდე დაწესებულება.

ორშაბათს კი კომენდანტის საათი გამოცხადაა, რომელიც 19:00 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი