ახალი ამბები

პოლიციელების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

12 აპრილი, 2021 • 1107
პოლიციელების მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება ინსპექტორის სამსახურში შესული განცხადების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო.

“განცხადების მიღების შემდგომ, დაუყოვნებლივ განხორციელდა განმცხადებელთან კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით, თუმცა, მისი სურვილით, საგამოძიებო მოქმედება გადაიდო შემდეგი დღისთვის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, – წერია უწყების განცხადებაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აქციაზე დღეს, 12 მარტს, 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173- ე მუხლებით დააკავეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აქციის მონაწილეები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირთათვის 5-დღიანი კარანტინის მოხსნას ითხოვდნენ.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის პირები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამყოფი ხაზიდან გადმოდიან, 5-დღიან სავალდებულო კარანტინში ხვდებიან.

ნეტგაზეთმა 6 აპრილს გამოაქვეყნა მასალა, სადაც გალისა და ახალგორის მოქალაქეები დაწესებული კარანტინით შექმნილ პრობლემებზე საუბრობდნენ.

7 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება, მდინარე ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ენგურის ტრაგედიაში გალის მოსახლეობისა და მკვლევრების ნაწილი, მათ შორის, 5-დღიან კარანტინს ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი