ახალი ამბები

სახელმწიფომ არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგით უნდა უპასუხოს – ლომჯარია ნამახვანის პროტესტზე

12 აპრილი, 2021 •
სახელმწიფომ არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგით უნდა უპასუხოს – ლომჯარია ნამახვანის პროტესტზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ნამახვანი ჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ სახელმწიფომ მოსახლეობის პროტესტს “არა პოლიციელების ხელით”, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით უნდა უპასუხოს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განცხადება დღეს, 12 აპრილს გაავრცელა.

ლომჯარიას განცხადებით, ხელისუფლებამ მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს.

მისი თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეებს “ძალიან კონკრეტული და ლეგიტიმური” შეკითხვები აქვთ სახელმწიფოსთან. ამასთან, ითხოვენ დიალოგს და პროტესტის მხოლოდ მშვიდობიან ფორმას ემხრობიან. სახალხო დამცველის თქმით, ამაზე ხელისუფლება საპოლიციო ძალისმიერი გზით პასუხობს, რაც პრობლემის გამწვავებას უწყობს ხელს და “იწვევს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას.

“სახელმწიფომ საზოგადოებრივ პროტესტს უნდა უპასუხოს არა პოლიციელების ხელით, არამედ მეტი დიალოგითა და უშუალო კომუნიკაციით. შესაბამისად, კვლავ გავიმეორებ, რომ:
– ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შესთავაზოს მოსახლეობას დიალოგის და დისკუსიის ფორმატი და დრო;
– დიალოგი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ყველა შეკითხვაზე არ იქნება გაცემული კვალიფიციური, არგუმენტირებული პასუხი;
– დიალოგი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული;
– პოლიციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების და მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზაცია;
– ფართო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია ყველა მხარის მზაობა (სახელმწიფო, კომპანია, პროტესტის მონაწილეები) მედიადისკუსიებსა და დებატებში მონაწილეობის თაობაზე”, – წერს ლომჯარია განცხადებაში.

დღეს რიონის ხეობაში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მორიგი აქციის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.აქციის მონაწილეობმა რიონის ხეობისკენს მიმავალი გზის გახსნა მოითხოვეს, რომელიც საპოლიციო ძალების მიერაა გადაკეტილი.

ხელებაწეულმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა, საბოლოოდ გადაწყვტიეს, რომ ქუთაისისკენ მსვლელობით წასულიყვნენ.

ამჟამად დემონსტრანტები უკან, გუმათჰესთან ბრუნდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი