ნეტგაზეთი | როგორ შეიძლება შემცირდეს პროცენტი საპენსიო სესხებზე — განხილვა პარლამენტში როგორ შეიძლება შემცირდეს პროცენტი საპენსიო სესხებზე — განხილვა პარლამენტში – Netgazeti
RU | GE  

როგორ შეიძლება შემცირდეს პროცენტი საპენსიო სესხებზე — განხილვა პარლამენტში

“ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65 პროცენტს შეადგენს. აღნიშნულ საკითხზე ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს, 12 აპრილს, გამართულ მოსმენაზე განაცხადა. კომიტეტში მოსმენა პარტია “მოქალაქეების” ინიციატივით გაიამრთა.

რამდენად თავსებადია აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი ბაზარზე, არასეპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის შეთავაზებულ პირობებთან, რამდენად და როგორაა შესაძლებელი მისი შემცირება და რა ფაქტორები განაპირობებს არსებულ მოცემულობას? — ეს ის ძირითადი კითხვები იყო, რომელიც დეპუტატებმა მოსმენის ფარგლებში “ლიბერთი ბანკის”, ეროვნული ბანკის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს დაუსვეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პერზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. გვენეტაძის თქმით, მთლიანად სესხებში ამგვარი კრედიტების მოცულობა 1.1%-ია.

გვენეტაძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ქვეყანაში ფასების სტაბილურობა და საფინანსო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფაა, საპენსიო სესხები კი, რომელიც საფინანსო სისტემაში 1,1%-ს წარმოადგენს, ფინანსური სექტორის ეფექტურ საქმინაობაზე გავლენას ვერ ახდენს. გვენეტაძე ასევე აცხადებს, რომ საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი კონკრეტულად საპენსიო სესხებზე ფოკუსირებას მის მიერ ზოგადად გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში ახდენს.

ამგვარ ნაბიჯებს შორის გვენეტაძე ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე 50%-იანი ბარიერის შემოღებას ასახელებს. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2012 წლიდან, როდესაც სესხები 200%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით გაიცემოდა, 2018 წლისთვის 33 პროცენტამდე შემცირდა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ვერ დაარეგულირებს საპენსიო განაკვეთების საპროცენტო განაკვეთებს, ისევე, როგორც მისი მანდატის ქვეშ არ ექცევა ნებისმიერი სხვა საბანკო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი და თუ ამ მიმართულებთ რაიმე საჭიროებს დარეგულირებას, ეს იმ ხელშეკრულების ნაწილი უნდა იყოს, რომელიც ლიბერთი ბანკსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმდა.

“საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი შემცირება ეროვნული ბანკის მანდატით მოხდა. კონკრეტულად, საპენსიო სესხების საკითხებზე, მანდატიდან გამომდინარე, ფოკუსირება ხდება იმ ნაბიჯების ფარგლებში, რომელიც მოგახსენეთ. სოციალური გასაცემლების დარიგების საკითხი მომხასურების სააგენტოს და ლიბერთი ბანკს შორის რეგულირდება.

ეროვნული ბანკი არ არეგულირებს საპენსიო განაკვეთების საპროცენტო განაკვეთებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის საპროცენტო განაკვეთებს. საპენსიო სესხების ნაწილშიც რამე თუ არის დასარეგულირებელი, იმ ხელშეკრულების ნაწილი უნდა იყოს, რომელიც “ლიბერთი ბანკსა” და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორისაა გაფორმებული”, — ამბობს გვენეტაძე. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გიორგი წოწკოლაური აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სესხზე საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა უწყების საქმე არაა.

“ეს არის თავისუფალი საკრედიტო ბაზარი, რომელშიც მონაწილეობს მოქალაქე და “ლიბერთი ბანკი”. თუ ჩარევა მოხდებოდა და ჩამოწევა, ამას დასჭირდებოდა ერთგვარი კომპენსირება და ამ კომპენსირების ნაწილში უნდა ჩართულიყო მთავრობა. გამომდნარე აქედან, ჩვენ ამაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით.

33% იქნება თუ 26 %, ეს არ არის სოციალური მომსახურების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს საქმე. ეს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, თავისუფალ საკრედიტო ბაზარს აქვს თავის რეგულაციები და ჰყავს თავის მარეგულირებელი”, — ამბობს წოწკოლაური.

აღნიშნულ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ უწყების პოზიციაა, სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება არ მოხდეს. მისი თქმით, თუ სახელმწიფო დამატებითი სახსრების მობილიზებას შეძლებს, სუბსიდირებაზე კარგი მექანიზმი პენსიების გაზრდა იქნება.

პარტია “მოქალაქეების” დეპუტატი ლევან იოსელიანი დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ ახლა საპროცენტო განაკვეთის შემცირება სუბსიდირების საჭიროებას გააჩენს, მაშინ რატომ არ გახდა იმავე ჩარევის განხორციელება, როცა წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთი 200%-დან  33%-მდე შემცირდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი პასუხობს, რომ ეს სწორმა რეგულაციებმა განაპირობა.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომლითაც “ლიბერთი ბანკი” საპენსიო საპროცენტო განაკვეთის სესხის საბაზრო ღირებულებასთან თავსებადობას ასაბუთებს, ხარჯებია, რომელსაც ბანკი პენსიების დარიგებისთვის წევს. საკომიტეტო მოსმენაზე როგორც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა დაადასტურეს, რომ ბანკი სოციალური გასაცემლების მენეჯმენტში სახლემწიფოსგან თანხას არ იღებს.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი ვალდებულია, სახელმწიფოსგან გადარიცხული თანხა მეორე დღესვე ასახოს ბენეფიციარების ანგარიშზე, რის გამოც აღნიშნულ ფინანსურ აქტივებს ბანკი საბრუნავად ვერ გამოიყენებს.

“ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის თქმით, დღესდღეობით, პენსია ბანკის წარმომადგენლებს 60 000 ოჯახში მიაქვთ. ამასთან, შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც პენსიების მიღებაზე ხელმისაწვდომობას ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს:

“ესაა არაუზრუნველყოფილი მცირე სამომხმარებლო სესხი, 1000-დან 2000 ლარამდე სესხი. დღეს ამ სესხებზე დაახლოებით 24%-დან 27%-მდე არის ნომინალური საპროცენტო განაკვეთები ყველა მომხმარებლისთვის. ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ 60+ მომხმარებლებზე და მცირე ზომის სესხებზე და ამ პროცენტს როდესაც ყველა საკომისიოს დავამატებთ, ჩვენ ვამბობთ, “ლიბერთი ბანკის” მერე გაცემული საპენსიო საბაზრო პირობებშია” ,— ამბობს ვასილ ხოდელი. 

დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ აქვს “ლიბერთი ბანკს” სოციალური გასაცემლების დარიგების ექსკლუზიური უფლება, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულება 2019 წელს “ლიბერთი ბანკს” მთავრობამ ტენდერის გარეშე გაუგრძელა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, უწყებამ 2019 წელს ბაზრის კველვა დაიწყო და რამდენიმე კომერციულ ბანკთან შეხვედრაც გამართა, თუმცა, მიუხედავად სურვილისა, ტენდერში მონაწილეობის მზაობა არცერთმა ბანკმა არ გამოთქვა, რადგანაც, მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურულად ამისთვის მზად არ იყვნენ:

“როდესაც ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, მზაობა იმის, რომ მოცემულ მომენტში ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა, სურვილის მიუხედავად არ ჰქონდათ. ინფრასტრუქტურულად არ იყვნენ მზად.

მთავრობასთან გვქონდა მოხსენება. ავხსენით, რომ შესაძლებელი იყო, რამდენიმე წელიწადში მომხადრიყო კონკურენტული ტენდერის გამართვა. პენსიების დარიგებაში დღესდღეობით თანხას არ ვიხდით და გაგრძელდა კონტრაქტი. წელსვე უნდა დავიწყოთ პირობების ჩამოყალიბებაზე მუშააობა. სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება და გამოცხადდება ტენდერი”, — აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი.

ლევან იოსელიანის კითხვაზე, რატომ არ შეიძლება იმ რეგიონებში, სადაც ბანკებს საკმარისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ, აღნიშნული თანხების მიწოდება არა ბანკს, არამედ სხვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურას დაეკისროს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს ფოსტა, ან საკუთარი სურვილისამებრ აირჩიოს ბანკი, რომელიც მის მუნიციპალიტეტში ფლობს ფილიალებს, და შეამცირებს თუ არა ეს ხარჯებს, წოწკოლაური პასუხობს, ამის შეთავაზება  მთავრობისთვის შესაძლებელია.

თუმცა ფინანსთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ეს ხარჯებს უფრო გაზრდის. კერძოდ, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ამ ორი საკითხის გაყოფა და ცალ-ცალკე ტენდერის გამოცხადება შესაძლებელია, თუმცა დარწმუნებული არაა, რომ ეს საპროცენტო განაკვეთის მოცულობაზე აისახება:

 “დღეს ვიცით, რომ ლიბერთი ბანკი მომსახურებაში თანხას არ იღებს. ვინ უფრო ეფექტურად გააკეთებს, “ლიბერთი” თუ “საქართველოს ფოსტა”, ვერ ვიტყვი, არ ვიცი. ალბათ, ყველაზე სწორი იქნება, ცალკე დარიგებას რაც უკავშირდება. 

შეიძლება გაიყოს თემა და ერთი იყოს, მოვახდინოთ ტრანზაქცია და ცალკე ტენდერის თემა იყოს დარიგების ნაწილი. მე მგონია, ამის გახლეჩვა უფრო ძვირი დაჯდება, მაგრამ შეიძლება სხვანაირად იყოს.  საპროცენტო განაკვეთზე ეს რამდენად პოვებს ასახვას, დარწმუნებული არ ვარ” ,— ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 

საკომიტეტოს მოსმენას ასევე ესწრებოდა “ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი გიორგი კაპანაძეც. რომელმაც აღნიშნა,  რომ საპენსიო სესხის გადახდისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რადგანაც პენსიონერს გარანტირებული შემოსავალი აქვს.

ერთადერთი რისკი კი, მისი თქმით, მომხმარებლის გარდაცვალებაა, რომლის დაზღვევაც სიცოცხლის დაზღვევით არის შესაძელებელი. კაპანაძის თქმით, არასაპენსიო ასაკის მოქალაქეებისთვის სიცოცხლის დაზღვევის ხარჯი სესხის დაახლოებით 0.75%-ია, პენსიონრის შემთხვევაში კი 1.5 პროცენტიც რომ იყოს, ეს საპროცენტო განაკვეთს 15 პროცენტამდე შეამცირებს:

“ერთადერთი რისკი არსებობს, გარდაცვალება. სიცოცხლის დაზღვევა დავამატოთ და საპენსიო სესხი გამოდის ურისკო სესხი, რამდენადაც გადახდისუნაარიონობა არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო გადაიხდის. ამრიგად, 15 პროცენტამდე შეგვილია ჩამოვწიოთ სესხის პროცენტი”, — ამბობს გიორგი კაპანაძე. 

დღეის მოცემულობით, “ლიბერთი ბანკი” აცხადებს, რომ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში, რომლითაც პენსიონერებზე სესხებს გასცემს, სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტიც გათვალისწუნებულია და აღნიშნავს, რომ 60+ ასაკის მომხმარებლების გარდაცვალების რისკი თითქმის 14-ჯერ მეტია, ვიდრე 60 წელზე ნაკლები ასაკის მომხმარებლებში:

“ვინმე თუ დააზღვევს ამ რისკს, რა თქმა უნდა, გავლენა ფასზე შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს ვინმე უნდა იყოს არაკომერციული სტრუქტურა და ეს სახელმწიფოებრივი მიდგომების საკითხებია, რომელიც თეორიულად გავლენას მოახდენს. მაგრამ რა გავლენას მოახდენს, უნდა გვესმოდეს, ეს არის ათასიდან ორიათას ლარამდე სესხი, რომელშიც შემოსავლის 25%-ზე მეტს, თანახმად რეგულაციებისა, არ იხდის.

პროცენტი რომ წარმოიდგინოთ, თეორიულად რომ დაწიოთ დღევანდელი 30%-დან საბაზრომდე, რაც არის 26-27 პროენტი ამ მოცულობის სესხებისთვის, ეს არის თვეში 3-5 ლარამდე ნაკლების გადახდა. რა თქმა უნდა, ეს ფულია, შეიძლება ვთქვათ, დღევანდელ სიტუაციაში თანხაა, მაგრამ მე ვისურვებდი ,მატერიალურად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ”, – ამბობს “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.