ახალი ამბები

“უკრაინა იმსახურებს სოლიდარობას” — თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

12 აპრილი, 2021 • 2033
“უკრაინა იმსახურებს სოლიდარობას” — თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, “გირჩი — მეტი თავისუფლების” ორგანიზებით, უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების განცხადებით, ამ ეტაპზე უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა მნიშვნელოვანია როგორც ხელისუფლების, ასევე საქართველოს სხვა მოქალაქეების მხრიდანაც.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესარიონ ჯღარკავამ, რომლის დედა და და უკრაინაში ცხოვრობენ, “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საქართველოს მხარდაჭერა მისთვის ბევრს ნიშნავს.

“ჩემი ვალია, აქ მოვიდე, ძალიან ვნერვიულობ უკრაინაზე. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს დაესხა თავს, უკრაინის პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც წამოვიდა საქართველოს მხარდასაჭერად. ვინაიდან ჩვენი მთავრობა ჩუმად არის, მე მოვედი აქ, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო ჩემს მეორე სამშობლოს”,  — განაცხადა ბესარიონ ჯღარკავამ.

აქციის ორგანიზატორის,”გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის და ეს საქართველოსაც ეხება.

“გარდა იმისა, რომ მეგობარი ქვეყნები ვართ, ვართ სტრატეგიული პარტნიორები იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მივდივართ ცივილიზებული სამყაროსკენ, დასავლეთისკენ. ორივეს გაცხადებული მიზნები გვაქვს, რომ შეგვიძლია ევროკავშირისა და ნატოს წევრი გავხდეთ და ბევრი უბედურება რაც გვჭირს, სწორედ რუსეთიდან მომდინარეობს. რუსეთი ვერ უშვებს, რომ ან ჩვენ, ან უკრაინამ მივიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და ავირჩიოთ უფრო მეტად თავისუფალი სამყარო, ვიდრე რუსეთია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია გვერდში დგომა. ჩვენი მთავარი გზავნილია, ვანახოთ უკრაინას, რომ აქ არის ხალხი, ვინც მართლა გულწრფელად უდგას გვერდში, რითიც შეუძლია”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა ყველა საერთაშორისო პლატფორმას უნდა იყენებდეს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა კონფლიქტის შეჩერების ერთადერთი გზაა.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ელენე ხოშტარიაც. მისი განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერით საქართველო “ფაქტუბრივად საკუთარ ინტერესებს დაიცავს”, რადგან რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვისაც.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ მეტად უნდა იაქტიორს უკრაინის მხარდასაჭერად და “ჩვენი მთავრობის პრაქტიკულად ყოველდღიური დღის წესრიგის ნაწილი უნდა იყოს, ეს იქნება ვიზიტი, ინიციტიავა, საერთაშორისო კომუნიკაცია, ინსტიტუტებთან კომუნიკაცია თუ სხვა.”

თუმცა, ხოშტარიას განცხადებით, მთავრობის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ საკუთარი სოლიდარობა უკრაინის მიმართ:

“ქვეყანა არა მხოლოდ მთავრობაა, არამედ ყველა მოქალაქე, მათ შორის, ოპოზიცია. ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ საქართველოს მკაფიო და აქტიური პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში იყოს გამოხატული. რაც უკრაინაში ხდება, იმსახურებს სოლიდარობას, რადგან 21-ე საუკუნისთვის წარმოუდგენელი ძალადობაა. ჩვენ თუ წარმოგვიდგენია საკუთარი თავი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და რეგიონის თავისუფლებისმოყვარე ხალხის ერთიანობის ნაწილი, ჩვენ სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინასთან”, — განმარტა ხოშტარიამ.

აქციის მიმდინარეობისას აქტივისტებთან შესახვედრად გამოვიდა უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი. მან მადლობა გადაუხადა შეკრებილ მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია.

“უკრაინა საერთაშორისო სოლიდარობას და მხარდაჭერას ელის, რადგან რუსეთისგან აგრესიის ახალი ტალღა წამოვიდა, რაც ჩვენს უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ქართველები და უკრაინელები ერთად დგანან ამიბიციებით და გეგმებით, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანებას შეეხება, რომ ვიპოვოთ ჩვენი საკუთარი მომავალი, მოსკოვის ყოველგვარი ინსტრუქციებისა და გავლენის გარეშე”, — განაცხადა უკრაინის ელჩმა.

 

რა ხდება უკრაინაში?

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლების სიცოცხლე.

მეორე მხრივ, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს, მათ შორის მძიმე ტექნიკას, უკრაინის საზღვრის გასწვრივ ანთავსებს, რაც უკრაინასა და მის პარტნიორ ქვეყნებში ახალი ომის საფრთხედ აღიქმება და შეშფოთებას იწვევს.

პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებებმა პროცესები ჩიხში შეიყვანა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ “ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინას მარტო არ დატოვებს”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის [ე.წ. “მაპი”] მიღება იქნებოდა “ნამდვილი მეგობრებისგან მხარდაჭერის სიგნალი”.

დაძაბულობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა და უკრაინელთა პოზიციები მოინახულა.

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

მასალების გადაბეჭდვის წესი