პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კობახიძე შეხვდება ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებს, სახელმწიფო დეპარტამენტის და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და პოლიტიკის კვლევის ანალიტიკური ცენტრების(Think Tank) ხელმძღვანელებს.
23 მარტს აშშ-ის სენატის რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხთან დაკავშრიებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოუსმინეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოხსენებისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა და აღნიშნული შეაფასა ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად.
კენტის თქმით, საქართველოში მიმიდნარე პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია როგორც დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, პოტენციურად ზრდის მის მოწყვლადობას რუსული გავლენების წინაშე.