ახალი ამბები

პირბადის ტარების წესის დარღვევაზე 1287 ადამიანი დაჯარიმდა – შსს

11 აპრილი, 2021 •
პირბადის ტარების წესის დარღვევაზე 1287 ადამიანი დაჯარიმდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 1287 ადამიანი დააჯარიმეს. შსს-ს ცნობითვე, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რეგულაციების დარღვევის სულ 1 567 ფაქტი გამოავლინეს.

“პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 137 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1287 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 141 ფაქტი გამოვლინდა,”-აცხადებენ შსს-ში.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი