ახალი ამბები

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან: შეკრებილებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ

10 აპრილი, 2021 • 1339
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან: შეკრებილებს კარვის გაშლის საშუალებას არ აძლევენ

ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, პოლიციამ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა. შეკრების მონაწილეები პანდემიის კრიზისის პირობებში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ და  ხელისუფლებისგან რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ.

ადგილზე მყოფთა ცნობით, პოლიციამ მათ უკვე ორი კარავი ჩამოართვა.

“კარავი არ გამაშლევინეს! პოლიტიკოსებისთვის შეიძლება ,ჩემთვის – არა. კანონით სახელმწიფო დაწესებულებოდან 20 მეტრში მაქვს [კარვის გაშლის] უფლება!” — წერს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გურო გოგიშვილი “ფეისბუქზე”.

მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერშიც ისაუბრა და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნა მოითხოვა.


“მე მინდა, რომ თვალებში გავეჩხირო და ხედავდნენ, რა დღეში არის ბიზნესი. ჩვენ ვითხოვთ პროგნოზირებად გარემოს. ბიზნესი პროგნოზის გარეშე წარმოუდგენელია… სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ ბიზნესმა შეძლოს მუშაობა და ოპერირება”, — აღნიშნა გოგიშვილმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის, გიორგი მთიულიშვილის თქმით, “კარვის დადგმა არის გაპროტესტება იმის, რომ ბიზნესმა ყველაფერი დაკარგა”.

“ამ კარვის დადგმით გამოვხატავთ პროტესტს… ზოგადად, პოლიციის საქციელი არის სამარცხვინო. ის, რომ პროტესტი გამოხატო ასეთი სახით, ამის საშუალება გაქვს”, — დასძენს ის.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კარვებს მაინც გაშლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი