სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, იაფ ავიაკომპანია Eurowings-ს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა სურს და ფრენის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურებს გადის.
“ავიაკომპანია “Eurowings-თან” დაკავშირებით გაცნობებთ, რომ გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაგადამზიდმა უკვე მომართა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარული ოპერირების დასაწყებად აუცილებელი ნებართვის მისაღებად. სააგენტო აწარმოებს კონსულტაციებს ავიაკომპანიასთან, დაწყებულია ასევე შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების პროცესი”, — უთხრეს ნეტგაზეთს სააგენტოში.
ავიაკომპანიის საიტზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით ივლისის ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასი 70 ევროდან იწყება. Eurowings-ის მფლობელი “ლუფთანზა ჯგუფია”.