ახალი ამბები

უკრაინის კრიზისის ფონზე ამერიკის 2 ხომალდი შავ ზღვაში შემოვა – თურქული მედია

9 აპრილი, 2021 • 2514
უკრაინის კრიზისის ფონზე ამერიკის 2 ხომალდი შავ ზღვაში შემოვა – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი კვირის წინ აცნობა თურქეთის მხარეს, რომ დაგეგმილი ჰქონდა ორი სამხედრო ხომალდის შავ ზღვაში გაგზავნა, როგორც ეს მონტროს კონვენციითაა გათვალისწინებული.

თურქული Daily Sabah-ის ცნობით, რომელიც თავის მხრივ, წყაროს ეყრდნობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, გემები შავ ზღვაში 14-15 აპრილს შემოვლენ და 4 მაისამდე დარჩებიან.

“შეტყობინება ამერიკული სამხედრო ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლის შესახებ მოვიდა 15 დღის წინ დიპლომატიური გზებით. გემები ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან”, – წერია თურქული გამოცემის მიერ გავრცელებულ მასალაში.

მანამდე ამერიკულმა არხმა CNN-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ მოიაზრებდა შავ ზღვაში, უკრაინის კრიზისის პარალელურად, სამხედრო ხომალდების გაგზავნას. CNN ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობოდა წყაროს თავდაცვის სამინისტროდან.


მონტროს კონვენციის თანახმად, თურქეთი აკონტროლებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, რომლებიც შავ ზღვას აკავშირებს ხმელთაშუა ზღვასთან და, შესაბამისად, მსოფლიო ოკეანესთან.

შეთანხმებით ასევე შეზღუდულია სამხედრო გემების მოცულობა და ზომა, რომლებიც შავ ზღვაში გადაადგილდებიან.

ქვეყნები, რომლებსაც გასასვლელი არ აქვთ შავ ზღვაზე, თუმცა სურთ ზღვაში გემის შემოყვანა, ვალდებულნი არიან ორი კვირით ადრე აცნობონ ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფოს.

ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში, არაერთხელ დაირღვა მხარეებს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რასაც ემსხვერპლა არაერთი უკრაინელი სამხედროსა და დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების მებრძოლები.

მეორე მხრივ, ოფიციალური კიევის განცხადებით, რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს, მათ შორის მძიმე ტექნიკას, უკრაინის საზღვრის გასწვრივ ანთავსებს, რაც უკრაინასა და მის პარტნიორ ქვეყნებში ახალი ომის საფრთხედ აღიქმება და შეშფოთებას იწვევს.

პირველ აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ “რუსეთის ამჟამინდელი ესკალაცია არის სისტემური და უდიდესი, რაც ბოლო წლებში დაფიქსირებულა”. მისივე თქმით, რუსეთის მოქმედებებმა პროცესები ჩიხში შეიყვანა, საიდანაც ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა.

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს, რომ მისი მხრიდან პროცესების რაიმე სახით ესკალაციას აქვს ადგილი. ოფიციალური პოზიციის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს კონფლიქტის მონაწილე მხარედაც არ განიხილავს და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე დაპირისპირება უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებასა და დონეცკისა და ლუგანსკის ძალებს შორის ბრძოლად მიაჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ “ამერიკა რუსეთთან ბრძოლაში უკრაინას მარტო არ დატოვებს”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის [ე.წ. “მაპი”] მიღება იქნებოდა “ნამდვილი მეგობრებისგან მხარდაჭერის სიგნალი”.

გირჩევთ წაიკითხოთ: ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან:

ახალი ომის საფრთხე უკრაინაში | ინტერვიუ ვალერი ჩეჩელაშვილთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი