ახალი ამბები

“ფორმულას” თანამშრომელზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე შეტყობინება არ შემოსულა — შსს

9 აპრილი, 2021 •
“ფორმულას” თანამშრომელზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე შეტყობინება არ შემოსულა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ „ფორმულას“ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობის შესახებ უწყებაში შეტყობინება არ შესულა, ხოლო მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დღეს ტელეკომაპანია „ფორმულამ“ თქვა, რომ მის ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ – ერთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მეორეს დაუზიანეს მანქანა, რომელსაც ტელეკომაპნიის ლოგო ეკრა. არხი ორივე ფაქტს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია “ფორმულას” მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით [ნივთის დაზიანება] მიმდინარეობს.

რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია “ფორმულა” საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – აცხადებენ უწყებაში.

მანამდე ტელეკომპანიაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, რა დროსაც არხის დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ მომხდარ ფაქტებზე საუბრისას თქვა:

„მეორე ფაქტი ასევე უკავშირდება ფორმულას მძღოლს, რომელიც არის ნაცემი. მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები და უბრალოდ, ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მთხოვა, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ დაგვესახელებინა“, — ამბობს არხის დირექტორი და საგამოძიებო ორგანოებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სანაიაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი