ახალი ამბები

თავდასხმებს ხელისუფლების სიძულვილის ენა ახალისებს – ხოშტარია „ფორმულაზე“

9 აპრილი, 2021 •
თავდასხმებს ხელისუფლების სიძულვილის ენა ახალისებს – ხოშტარია „ფორმულაზე“

ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი და ამჟამად პოლიტიკური მოძრაობის „დროა“ ლიდერი ეხმაურება ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე თავდასხმას.

„საგანგაშო და უკიდურესად სახიფათოა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობა“, – წერს პოლიტიკოსი.

ტელეკომპანია „ფორმულაში“ აცხადებენ, რომ გუშინ, 8 აპრილს, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ — ერთს მანქანა დაუზიანეს, ხოლო მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ტელეკომპანია ფორმულას მძღოლებზე სხვადასხვა ადგილას განხორციელებული თავდასხმა ვერ იქნება და არ არის რიგითი კონფლიქტი. ეს არის მიზანმიმართული იერიში კრიტიკულ აზრის დახშობის მიზნით“, – განაცხადა ხოშტარიამ და დასძინა, რომ:

„ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება და გამუდმებული თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე ახალისებს მსგავს თავდასხმებს“.

„ჩვენ არ შევეგუებით განსხვავებული აზრის დევნას, კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობას და მათზე ძალადობას. სრული მხარდაჭერა ტელეკომპანია ფორმულას, მის ყველა თანამშრომელს და კრიტიკულ, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს“, – წერია „დროას“ გავრცელებულ განცხადებაში.

ვრცლად:

სანაიაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი