ახალი ამბებისამართალი

გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო ოპერაცია” – “ემპათიის” კვლევა 20 ივნისზე

9 აპრილი, 2021 •
გადაუდებელი აუცილებლობა თუ სადამსჯელო ოპერაცია” – “ემპათიის” კვლევა 20 ივნისზე

ცენტრმა “ემპათიამ” 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელშიც მონაწილეობდნენ ცენტრი “ემპათიის” ექიმები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები და იურისტები.

მულტიპროფილური კვლევა, “სტამბოლის პროტოკოლის” პრინციპების შესაბამისად, ჩატარდა 20-21 ივნისს დაზარალებულ 30 პირზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებზე.

აღნიშნული დოკუმენტი ეხება თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, მის შედეგებსა და მომდევნო პერიოდში გამოძიების მიმდინარეობას. კვლევა, ასევე, მოიცავს სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შედარებით ანალიზსა და რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე კანონმდებლობის დასახვეწად.

სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და კლინიკებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი და გამჭვირვალობა

ორგანიზაციის განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, სპეციალური პოლიციური საშუალებების (აქტიური საშუალებების) გამოყენებით (რეზინის სხვადასხვა ზომის ტყვია, „წიწაკისა“ და ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი, სპეციალური ხელბორკილები, პოლიციური ხელკეტები), შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ დარბეული იქნა მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. მონაწილეთა დევნა კი გაგრძელდა, პრაქტიკულად, მთელი ღამის განმავლობაში აქციის ადგილიდან დაშორებულ ტერიტორიებზე.

“ხელისუფლების განმარტებით, აქციის დარბევის მიზეზად დასახელდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე შეტევის მცდელობა და შსს-ს სპეცრაზმთან შეტაკება. 2019 წლის 26 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი მისცა პასუხისგებაში.

გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 – ე და 315 – ე მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, ან მასში მონაწილეობას ითვალისწინებს, ასევე, შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

დოკუმენტში საუბარია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირთა მიზანი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა ან ხელში ჩაგდება იყო.

“ემპათია” მიიჩნევს, რომ გამოძიების პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის გამოყენება განხორციელდა პოლიტიკური მოტივაციით და არა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად, რათა საზოგადოების თვალში 2019 წლის 20-21 ივნისს გამართული საპროტესტო აქცია წარმოჩენილიყო არა საზოგადოების სპონტანურ პროტესტად, არამედ წინასწარ დაგეგმილ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულად.

ამასთან, კვლევის ავტორების თმით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციით, 20-21 ივნისის ღამეს, სპეციალური პოლიციური საშუალებების გამოყენებისას, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო საპროტესტო აქციის 202-მა მონაწილემ, ხოლო შეტაკებისას დაშავდა 73 სპეცრაზმელი. აღნიშნული მონაცემებით, სხეულის ფიზიკური დაზიანება მიიღო 275-მა ადამიანმა.

თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოცემული სტატისტიკური მონაცემები არ ასახავს რეალობას, ვინაიდან არ შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ რამდენ დაზარალებულს აღმოუჩინეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზე და რამდენს -ამბულატორული ან/და სტაციონარული დახმარება მომდევნო დღეების განმავლობაში.

“ამგვარად, ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანის, ასევე, აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, არ მოიპოვება” ,- აცხადებენ კვლევის ავტორები.

ამასთან, დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული, რომ არცერთი საქმეა აღძრული არასათანადო მოპყრობის მუხლით, რასაც მსგავს სიტუაციებში მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ არცერთ შემთხვევაში არ ჩატარებულა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მხრიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა “სტამბოლის პროტოკოლის” სტანდარტების შესაბამისად.

“ემპათია” ყურადღებას ამახვილებს, რომ სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზები დღემდე საბჭოთა დროინდელი სხეულის დაზიანების ხარისხის შეფასების სტნადარტებით ხელმძღვანელობენ, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტებისაგან, კერძოდ, “სტამბოლის პროტოკოლის” პრინციპებისაგან.

“ამგვარად, 20-21 ივნისის პოლიციური სპეცოპერაციის დროს დაზიანებულ 202 სამოქალაქო პირსა და შსს-ს 73 თანამშრომელს მოემსახურა ჰოსპიტალური სექტორის 20 კლინიკა. მონაცემები ამბულატორული მომსახურების თაობაზე და დიაგნოზების სტატისტიკური მაჩვენებლები უცნობია. შესაბამისად, ზუსტი მონაცემები 20-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებისა და მათი დიაგნოზების შესახებ კვლავაც უცნობი რჩება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პროკურატურამ კლინიკებიდან ამოიღო დაშავებულთა შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციის ორიგინალები ექსპერტიზის ჩატარების მოტივით, თუმცა კლინიკებს არ აღმოაჩნდათ ასლები. შესაბამისად, “ემპათიის” თქმით,  პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი არ იყო მათ შესახებ არსებული სრული სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, პროკურატურის მიერ დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რაც საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ორგანიზაციის განცხადებით, კერძოდ, დაირღვა საქართველოს კანონი “პაციენტის უფლებების შესახებ”, ასევე, საერთაშორისო სტანდარტი, არასათანადო მოპყრობაზე ეჭვის შემთხვევაში, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე.

კვლევის ავტორების თქმით, საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკითა და პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულის ან/და მოწმისათვის ხელმისაწვდომი არ არის სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის, სამედიცინო ექპერტიზის დასკვნები, რაც საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა.

გარდა ამისა, ორგანიზაციის განცხადებით,  2019 წლის 24 ივნისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 – ე მუხლის მე -3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, თუმცა საზოგადოებისათვის დღემდე არ არის ცნობილი გამოძიების შედეგები.

ცენტრმა “ემპათიამ” მიმართა გენერალურ პროკურატურას აღნიშნული საქმის მიმდინარეობის თაობაზე, თუმცა პასუხი არ მიუღია.

ორგანიზაციის განცხადებით, ირკვევა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით, სამართალდამცავებმა ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანების გარეშე გამოიყენეს სპეციალური პოლიციური საშუალებები, ზოგადად, დამტკიცებული გეგმის მიხედვით, რაც არღვევს სპეციალური პოლიციური საშულებების გამოყენების საერთაშორისო სტანდარტებს;

კერძოდ, “ემპათიის” თქმით, შსს-დან მიღებული წერილით ირკვევა, რომ რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი აქციის დაშლასთან დაკავშირებით არ არსებობს. ამასთან, კვლევის ავტორების თმით,  პერსონალური მაიდენტიფიცირებელი ნომრები ან/და სხვა რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი სპეცრაზმელებს არ ჰქონიათ, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ როგორ უნდა მოხდეს სავარაუდო დანაშაულის შემთხვევაში პირის იდენტიფიცირება.

აღნიშნული წერილიდან, ორგანიზაციის განცხადებით, ასევე ვერ დგინდება, თუ რომელ საგამოძიებო უწყებას გადაეცა ინფორმაცია 32 სამოქალაქო პირის დაზიანებების შესახებ და როგორ წარიმართა გამოძიება.

20 ივნისს დაზარალებულები

ორგანიზაციის განცხადებით, კვლევა 20-21 ივნისს დაზარალებულ 30 პირზე ჩატარდა, მათ შორის, ჟურნალისტებსა და მედიის სხვა წარმომადგენლებზე.

“მიღებული მონაცემების სტატისტიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ შემთხვევათა 76%-ში ადგილი ჰქონდა რეზინის ტყვიების არაადეკვატურ გამოყენებას, კერძოდ, დაზიანებებს სხეულის წელს ზედა არეში, მათ შორის, თავისა და სახის არეში, რასაც რიგ შემთხვევებში მოჰყვა მშვიდობიან მომიტინგეთა ინვალიდიზაცია.

სამმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა, მათ შორის, ორმა მხედველობის ორგანოც. ერთი ადამიანი ქალა – ტვინის ტრავმის შედეგად კვლავ აგრძელებს მკურნალობას. კერძოდ, ირკვევა, რომ წელს ზევით დაზიანება მიიღო გამოკვლეულთა 47% – მა, ხოლო სხვა ტიპის, კომბინირებული ტრავმა – 27% – მა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევის ავტორების თქმით, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო რესპონდენტთა 33% – მა, მათ შორის, 10% – ში ადგილი ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდს, რაც “ემპათიის” განცხადებით, ადასტურებს რეზინის ტყვიების გამოყენების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას.

ორგანიზაციის მიერ გამოკვლეული პირების 100% აღნიშნავს, რომ ფსიქიკურ/ფსიქოლოგიური შედეგების ცხრილის მიხედვით,  განიცდიდა უსამართლობის განცდას, 53% – ში გამოვლინდა თვითდანაშაულის განცდა, 90% მიუთითებს, რომ ეს იყო დასჯის მიზნით განხორცილელებული სპეცოპერაცია, 57% აღნიშნავს უმწეობის განცდას, 90% მიიჩნევს, რომ ეს იყო სასტიკი დარბევა, რომლის შედეგადაც შესაძლოა მომკვდარიყო.

“ემპათიის” თქმით, აღნიშნული მონაცემებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შემთხვევების 90%-ში ადგილი ჰქონდა რესპონდენტთა ძლიერ ტრავმირებას, ანუ მათ ცხოვრებაში განსაკუთრებულ სტრესულ მოვლენას, სიკვდილის შიშის ფონზე.

ამასთან, კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხულთა 80% – მა აღნიშნა, რომ ხმამაღალი გაფრთხილება აქციის დაშლის თაობაზე არ ყოფილა, აქედან 10% – მა განაცხადა, რომ არ იცის, ხოლო გამოკვლეულთა 10% აცხადებს, რომ ამგვარი გაფრთხილება იყო.

თუმცა, ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, რომ აქციის დაშლის დაწყების დროს რესპონდენტები დაახლოებითაც კი ვერ ასახელებენ, რაც, როგორც მინიმუმ, აქციის დაშლის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას არ ადასტურებს:

“გამოკვლეულთა 60% აღნიშნავს, რომ მიიღეს რეზინის ტყვიებით მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა, „წიწაკის გაზით“ მოწამვლას ადასტურებს 67%, 93% კი შემსწრეა სხვა ადამიანების მიერ სერიოზული ტრავმების მიღებისა. შეკითხვაზე, თუ რით მიიღეს ტრავმული დაზიანება, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

68% – მა უპასუხა, რომ ტრავმული დაზიანება მიიღო რეზინის ტყვიებით, 10% – მკვრივი ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით, 27% მიუთითებს სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებულ ტრავმულ დაზიანებას მკვრივი ბლაგვი საგნით, 7% – გაქცევისას, არეულობაში ტრავმირების ფაქტებს, 7% – გაზის კაფსულით (შაშკით) დაზიანებას, ხოლო 10% – სხვა სახის დაზიანებებს. ამგვარად, ჯამური 129% მიუთითებს, რომ რესპონდენტები აღნიშნავენ ერთზე მეტი სახის დაზიანების მიყენების მეთოდს” ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით,  ქრონიკული შედეგებიდან საყურადღებოა ქალა – ტვინის ტრავმის ნარჩენი მოვლენები, ასევე, 15 (50 %) გამოკვლეული აღნიშნავს ნაწიბურის არსებობას მოგვიანებით პერიოდშიც. ამავდროულად, კვლევის მიხედვით, საშუალოდ 60% (18 ადამიანი) მიუთითებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სიმპტომოკომპლექსის არსებობაზე.

“ემპათიის” თქმით, გამოკვლეულთა უმრავლესობა, რომელთაც გაიარეს სტაციონარული მკურნალობა, მიუთითებს, რომ მათი ინფორმირება სამედიცინო რეგულაციებთან დაკავშირებული უფლებების შესახებ არ მომხდარა. ასევე, არ მომხდარა სამედიცინო დოკუმენტაციაში საქმის გარემოებების სრულყოფილი დოკუმენტირება.

ამგვარად, კვლევის ავტორების განცხადებით, 20-21 ივნისს, სპეციალური პოლიციური საშუალებებით აქციის დაშლისას, ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, რაც ადეკვატურად არ არის დოკუმენტირებული და გამოძიებული.

2019 წლის 20-21 ივნისს ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიება და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევები

კვლევის ავტორების განცხადებით, არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც გამოიწვია 20-21 ივნისის საპროტესტო აქცია, კერძოდ, სერგეი გავრილოვისა და რუსეთის დელეგაციის აქტივობა საქართველოს პარლამენტში, ჰქონდა თუ არა ადგილი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დარღვევას.

ანგარიშის ავტორების თქმით, 2019 წლის 20-21 ივნისს ჩატარებული სპეციალური პოლიციური ღონისძიების დროს დაირღვა საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ”, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანება N 1002 “შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.

ამასთან,  კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს ჩატარებული სპეციალური პოლიციური ღონისძიების მიმდინარეობისას, არალეტალური ჭურვების გამოყენების დროს, სრულად დაირღვა ბრძანების გაცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჯაჭვი.

სერგეი გავრილოვის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების ნაწილში კი, ცენტრის თქმით, დარღვეულია საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“:

“2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად განაპირობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობამ, რითიც შესაძლებელი გახდა სერგეი გავრილოვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, საქართველოს პრეზიდენტის სასახლესა და საქართველოს პარლამენტში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებებში მისი მონაწილეობა.

საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: „საქართველოს ხელისუფლება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევისას ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით”, – წერია დოკუმენტში.

ამგვარად, ორგანიზაციის შეფასებით, საეჭვოა აქციის სასტიკი დარბევის რეალური მიზანი: ჰქონდა ადგილი სადამსჯელო სპეცოპერაციას, თუ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ აქციის დაშლას?

“ემპათია” აღნიშნავს, რომ სპეციალური (აქტიური) პოლიციური საშულებების არამიზნობრივი გამოყენება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ფასდება, როგორც არასათანადო მოპყრობა, რაც წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენციით დაუშვებელია ნებისმიერ გარემოებაში (აბსოლუტური აკრძალვა).

სრულად აღნიშნულ კვლევას გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი