ევროსაბჭოს მონაცემებით, 2010-2020 წლების პერიოდში საქართველოში პატიმართა რაოდენობა 54 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება არის ყველაზე დიდი შემცირება, რაც ევროპის სახელმწიფოებში დაფიქსირებულა.
ამის შესახებ საუბარია ევროსაბჭოს კვლევაში, რომელიც დღეს, 8 აპრილს გამოქვეყნდა. ახალი ანგარიში ეხებბა პატიმრებისა და სასჯელის სტატისტიკას, რომელიც 2019-2020 წლების პერიოდს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის იანვრის ბოლოსთვის ქვეყანაში 9 806 პირი იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში.
მიუხედავად ბოლო 10 წლის განმავლობაში პატიმართა რიცხვის შემცირებისა, საქართველო ევროპის მასშტაბით რიგით მესამე ქვეყანაა ყოველ 100 000 მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით. ამჟამად ყოველ 100 ათასს მოსახლეზე ქვეყანაში 264 პატიმარი მოდის.
ამ მონაცემით საქართველოს უსწრებს მხოლოდ თურქეთი [357 პატიმარი ყოველ 100 ათასს მოსახლეზე] და რუსეთის ფედერაცია [356 პატიმარი 100 ათასს მოსახლეზე].
ევროსაბჭოს თანახმად, საქართველოში ყოველ 4.1 პატიმარზე მოდის სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთი თანამშრომელი. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება, სადაც ციხის ერთ თანამშრომელზე 4.8 პატიმარი მოდის.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 12 185 საპატიმრო ადგილი იყო, რომელთაგან 9 806 იყო გამოყენებული. შესაბამისად, ყოველ 100 საპატიმრო ადგილზე მოდიოდა 80.5 პატიმარი, რაც ევროპულ საშუალო მონაცემთან შედარებით (90.3) დაბალი რიცხვია.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში პატიმართა მხოლოდ 4 პროცენტია ქალი. საპატიმრო დაწესებულებებში იმყოფება 46 არასრულწლოვანი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მამრობითი სქესისაა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში 1820 პირი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში, რაც პატიმართა მთლიანი რაოდენობის 18.6 პროცენტი იყო. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მონაცემი ევროპულ საშუალო მონაცემზე დაბალია.
ქვეყანაში ყველაზე მეტი პატიმარი, პატიმართა საერთო რაოდენობის 26.2 პროცენტი, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო იხდის სასჯელს.
ანგარიშის თანახმად, 2019-2020 წლებში ქვეყანაში ერთ პატიმარზე იხარჯებოდა საშუალოდ 12.6 ევრო, რაც “მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ევროპულ საშუალო მაჩვენებელს”, რომელიც 64.4 ევრო იყო.
ანგარიშის მომზადების დროს გათვალისწინებული არ არის დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ციხეებში მყოფი პირების სტატისტიკა.