ახალი ამბები

გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი აფხაზეთში მცხოვრებთათვის – აქცია

7 აპრილი, 2021 •
გაუქმდეს 5-დღიანი კარანტინი აფხაზეთში მცხოვრებთათვის – აქცია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი დღეისათვის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემთხვევაში 5-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან. სწორედ ამ მიდგომას აპროტესტებენ დემონსტრანტები. მათი თქმით, ეს წესი გალში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გართულებებს ქმნის.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინაციის საბჭოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის კარანტინის გაუქმების გადაწყვეტილება არ მიუღია.

“ჩვენ გავუწიეთ მომსახურება 1 500-მდე ბენეფიციარს, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა საჭიროება, ვცდილობთ, რომ მოხდეს ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის ფარგლებში არსებობს ქვეყანაში”, — განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, ოკუპირებული ტერიტორიიდან მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას ადამიანების დაღუპვის კომენტირებისას თქვა, რომ ეს პრაქტიკა ახალი არ არის და წინა წლებშიც არაერთხელ ყოფილა საოკუპაციო რეჟიმის გვერდის ასავლელად შემოვლითი გზების ძიების შემთხვევები.

“ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, მათთვის ეს გზა გავამარტივოთ. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ, მთავრობა ვიღებთ საბჭოს ფორმატში. ეს საკითხი საბჭოზე დგას და რისკების ფარგლებში ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ალბათ, უახლოეს დღეებში გავაცნობთ მოქალაქეებს”, — განაცხადა ტიკარაძემ.

გამყოფ ხაზს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლას ისე, რომ 5-დღიანი დაყოვნების პერიოდი საკარანტინო სივრცეში არ გაიარონ.

ამჟამად საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჩატარებული იმუნიზაციის სრული პროგრამა, ასევე, რიგი ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებიათ, თუმცა წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ტესტის უარყოფით პასუხს, რის შემდეგაც, სურვილისამებრ, გადავლენ თვითიზოლაციაში, ან ჩამოსვლიდან მესამე დღეს გაიკეთებენ PCR-ის კიდევ ერთ ტესტს საკუთარი ხარჯებით. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც არ წარმოადგენენ კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს, გადავლენ 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციაში, ან კარანტინში.

 

რა პრობლემებს უქმნის 5-დღიანი კარანტინი გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი