წყალტუბოს რაიონის სოფელ ზარათის მკვიდრი, მირიან მაღლაფერიძე, პოლიციამ 4 აპრილს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, მოგვიანებით კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 1 000 ლარით დააჯარიმა.
დაკავებამდე მირიან მაღლაფერიძეს სოფელ ზარათიდან სოფელ ოფურჩხეთის მიმართულებით სურდა გადაადგილება, თუმცა გზა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ჰქონდათ გადაკეტილი.
გადაადგილებისას მაღლაფერიძე საკუთარი მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებდა, რომელიც “ნეტგაზეთს” მიაწოდა.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად პოლიცია მაღლაფერიძეს ეკითხება, სად მიდის, რაზეც მაღლაფერიძე პასუხობს, რომ მიდის ხიდზე, გადაიღებს და დაბრუნდება. შემდეგ პოლიცია ეკითხება, აქვს თუ არა თან საბუთები, რაზეც მაღლაფერიძე პასუხობს, რომ არ აქვს და არ სჭირდება, რადგან საკუთარ სოფელში გადაადგილდება.
პოლიცია ცდილობს გადაამოწმოს მისი ვინაობა, რის შემდეგაც მიმართავენ, რომ დაბრუნდეს სახლში.
შემდეგ მაღლაფერიძე პოლიციას ეუბნება, რომ მეზობელ სოფელში “კომერციული მიზნით, პურის საყიდლად” სურს წასვლა, რაზეც პოლიცია სოფელ ზარათში, სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ მოწოდებაზე მაღლაფერიძე პოლიციას მიმართავს: “მაშინ თქვენ გამეგზავნეთ, თუ შეიძლება, ბოდიშის მოხდით, და მომიტანეთ პური”, რის შემდეგაც ერთ-ერთი პოლიციელი პასუხობს: “სად გაგეგზავნოთ, ვერ გავიგე?!”, მობილურ ტელეფონს ართმევს და ვიდეო სრულდება.
როგორც მაღლაფერიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამის შემდეგ პოლიციასა და მას შორის არავითარი დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა დააკავეს.
მოგვიანებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაღლაფერიძე 1 000 ლარით დააჯარიმეს. მისი თქმით, პოლიციამ სასამართლოზე განმარტა, რომ ის პოლიციელებს “ცინიკურად ელაპრაკებოდა”.
მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ მასზე დაკისრებული ჯარიმის გადახდას და გასაჩივრებას არ აპირებს.
შსს-ს განცხადებით, მაღლაფერიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
კითხვაზე, კონკრეტულად რა ქცევა მიიჩნია პოლიციამ წვრილმან ხულიგნობად და დაუმორჩილებლობად, შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
4 აპრილს სოფელ გუმათში ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს რიონის ხეობაში, — იქ, სადაც კარვებია გაშლილი, — პოლიცია წინა დღიდან მოყოლებული არ უშვებდა.
4 აპრილის აქციის მოთხოვნა გზის გახსნა იყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა. „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდების შედეგ, გაიშალა ახალი კარავი, ამჯერად სოფელ გუმათთან.
ვემზადებით აქციისთვის თბილისში, ხელისუფლებამ საღად უნდა შეაფასოს პროცესი – გოლეთიანი