ახალი ამბები

მეტი ვიაროთ ფეხით – გამყრელიძე ტრანსპორტში ხალხმრავლობაზე

7 აპრილი, 2021 • 863
მეტი ვიაროთ ფეხით – გამყრელიძე ტრანსპორტში ხალხმრავლობაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე, უმჯობესია მოქალაქეებმა მოკლე მანძილზე ფეხით იარონ.

ასე უპასუხა  NCDC-ის დირექტორმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეების დიდ რაოდენობაზე, განსაკუთრებით საღამოს საათებში, და თუ მიმართავენ შესაბამის უწყებებს, დაამატონ ტრანსპორტი, ნაკადის კონტროლი უფრო გამკაცრდეს და ზოგადად, რამდენად სახიფათოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასეთ ვითარებაში.

“ყველანაირი თავშეყრა, დაუცველი დაცვის საშუალებებით, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია. მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს. მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა. გაზაფხულია ახლა, ხომ? მეტი ვიაროთ ფეხით. ახალგაზრდები ხართ, არა? არ გინდათ ახლა, ორ გაჩერებაზე ავტობუსში რომ ჩაბრძანდეთ. რა ჯობია ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას”,-აცხადებს გამყრელიძე.

რეპლიკაზე “მანძილს გააჩნია”, გამყრელიძე პასუხობს:”რატომ? თქვენთვის ახლა 2 კილომეტრი რომ გაიაროთ ან 3, ცუდია?!”

დღეს, 7 აპრილს, გამყრელიძემ ასევე თქვა, რომ საქართველო ე.წ. ვირუსის მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა, ამიტომ ის მოქალაქეებს მოუწოდებს, სოციალური ღონისძიებისგან თავი შეიკავონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი