ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შერიგების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გალელების დაღუპვის ფაქტზე

7 აპრილი, 2021 •
შერიგების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გალელების დაღუპვის ფაქტზე

“სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზთან დღეს მომხდარ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით”, – ავრცელებს განცხადებას შერიგების სამინისტრო, რომელიც მომდხარზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

“რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო შეზღუდვებმა ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები ჩვენი სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურით გადმოსვლას.

“ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს. საოკუპაციო ხაზი უკვე მრავალი წელია ხელოვნურად აშორებს გამყოფი ბარიკადების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს, რამაც წარსულშიც, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის შედეგად, საუბედუროდ, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის შედეგად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჩვენი მოქალაქეების ძირითადი თავისუფლებები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას და რაც უკვე სამართლებრივად აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ”.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობითვე, საქართველოს შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის და ფორმატის გამოყენებით, განაგრძობს “ინტენსიურ ძალისხმევას, რათა დასრულდეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ღირსეული პირობები და უსაფრთხო გარემო, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თავისუფალი გადაადგილების უფლება”.

აფხაზეთიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოსვლის დროს, მდინარე ენგურის გადმოკვეთისას, გალის რაიონის სოფელ წარჩეს სამი მკვიდრი დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, “მდინარე ენგურით გადმოსვლას ისინი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ცდილობდნენ”.

ნეტგაზეთი ესაუბრა ამავე სოფლის მკვიდრს და გარდაცვლილთა მეზობელს სოფელ წარჩეში. ქალი ამბობს, რომ ეს ადამიანები [40-42 წლის ცოლ ქმარი და ასევე, 30 წლის ქალი] უკანონოდ ცდილობდნენ გადმოსვლას, ერთი მხრივ, კანონიერად გადმოსვლისთვის საჭირო საშვების უქონლობის, მეორე მხრივ კი, ქართული მხარის მიერ დაწესებული 5- დღიანი კარანტინის აცილების მიზნითს.

“სავარაუდოდ, საჭირო ნივთების, მედიკამენტების შესაძენად მოდიოდნენ, რაც იქ არ იშოვება, ან ფასის გამო ხელი არ მიუწვდებათ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი