ახალი ამბებისამართალი

მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

7 აპრილი, 2021 • 919
მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

“სოციალური სამართლიაონის ცენტრი” (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოში საბოლოო პოზიციად წარადგინა დაუსაბუთებელი და ფაბრიკაციული ინფორმაცია.

“მიუხედავად, იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმის გარემოებები არ წარმოადგენს ოჯახის მიერ სტრასბურგში წარდგენილი განაცხადის დავის საგანს, კომუნიკაციის ყველა ეტაპზე სასამართლოსთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი მოსაზრებების დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის წარმოჩენისა და მისი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირების მცდელობას.

სამწუხაროდ, მთავრობა კვლავ ცალმხრივი და დამახინჯებული ინფორმაციითა და არგუმენტებით ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას და ამ გზით, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებული ფართომასშტაბიანი უკანონო სპეცოპერაციის დაგეგმვისა და აღსრულებისას მიღებული გადაწყვეტილებების გამართლებას”, – წერს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

ამასთან, ორგანიზაცია განმარტავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების დასაბუთებულობა სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავის მიზანს არ წარმოადგენს და სცდება მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადის ფარგლებს.

“სწორედ ამიტომ, მივიჩნევთ, რომ საფუძველშივე უადგილო იყო მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე ვრცელი არგუმენტაციის წარმოდგენა და დაცვის სტრატეგიის მეტწილად თემირლან მაჩალიკაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებით აგება”, – წერია განცხადებაში.

ასევე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ, რომელსაც ევროსასამართლოში იუსტიციის სამინისტრო წარადგენს, გადაწყვიტა წარედგინა ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მსჯავრდებული ბ.ჩ-ს ჩვენება ისეთ ეტაპზე, როდესაც მოპასუხე მხარეს საპასუხო კომენტარის წარდგენის შესაძლებლობა არ ექნებოდა. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ცნობით, აღნიშნულ ჩვენებაში მსჯავრდებული ბ.ჩ. მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების, ა. ჩატაევისა და მისი გარემოცვის წევრებთან “თითქოსდა კავშირზე და ტერორისტულ დაჯგუფებასთან მათი აფილაციის თითქოსდა ცოდნის შესახებ” საუბრობს.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მთავრობის მოსაზრებებში წარდგენილ შეპასუხებაში მკაცრად გააკრიტიკა მთავრობის ეს დაუსაბუთებელი პოზიციები. სწორედ ამიტომ, მთავრობამ კომუნიკაციის საბოლოო ეტაპზე გადაწყვიტა დამატებითი სისხლის სამართლის მასალების, მათ შორის, ზემოთ განხილული ბ.ჩ-ს ჩვენების წარმოდგენა, რომელიც მანამდე არც ეროვნულ და არც საერთაშორისო დონეზე არ გამოუყენებია. იმ პირობებში, როდესაც არცერთ ბრალდებულ პირს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და თავად ამ ჩვენების აღების გარემოებები და კონტექსტი  აშკარად საეჭვო და არასანდოა, წარმოდგენილი ინფორმაციის სერიოზულობა და დამაჯერებლობა ეჭვის ქვეშ დგება. სამწუხაროდ, ევროპული სასამართლოს პროცედურის შესაბამისად, ჩვენ მთავარობის ბოლო მოსაზრებებზე ჩვენი კომენტარების წარდგენის შესაძლებლობა არ გვაქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავრობის ამ უპასუხისმგებლობაზე საზოგადოების ინფორმირება და ჩვენი კრიტიკის წარმოდგენა”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ ხელისუფლება “ჩადენილი მძიმე დანაშაულის აღიარების და ეფექტიანი და სამართლიანი გამოძიების ნაცვლად”, მაჩალიკაშვილების ოჯახის დევნასა და დეჰუმანიზებას ცდილობს.

“ხელისუფლებამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს არც ეროვნულ დონეზე მისცა მათი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობისა და მისი უდანაშაულების მტკიცების შესაძლებლობა. სახელმწიფო უწყებებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არასდროს უმოქმედიათ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპით და ეს საქმე ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ხელყოფის ყველაზე მძიმე და სერიოზულ შემთხვევად რჩება. სამწუხაროდ, მთავრობამ შეცდომაში შემყვანი და აშკარად ფაბრიკაციული, სპეკულაციური და არაზუსტი ინფორმაციის გამოყენების სტრატეგია ასევე გამოიყენა ისეთ ავტორიტეტულ სასამართლოში, როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ცხადია, ჩვენ დარწუნებულები ვართ, რომ ევროპული სასამართლო მთავარობის ამ მოსაზრებებს კრიტიკულ სამართლებრივ შეფასებას მისცემს და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ჩვენი დავის საკვანძო არგუმენტებს და პრეტენზიებს გაითვალისწინებს”, – წერია განცხადებაში.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, მაჩალიკაშვიელბის ოჯახის განაცხადის განხილვა ევროსასამართლომ 2019 წლის 23 ოქტომბერს დაჩქარებული წესით დაიწყო. 2020 წლის 21 ნოემბერს კი “სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა” მთავრობის მოსაზრებებზე საკუთარი შეპასუხება გააგზავნა. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოში საბოლოო პოზიცია წარადგინა, რითიც მხარეთა შორის შეპასუხების ფაზა დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი