ხუთშაბათს, 8 აპრილს, საპატრიარქოში მღვდელმთავართა კრება დაინიშნა, განსახილველ საკითხებს შორის ჭყონდიდში მიმდინარე მოვლენებიცაა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე სასულიერო პირმა გაავრცელა ჭყონდიდის ეპარქიიდან.
დღეს ჭყონდიდის ეპაქრიაში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრის ახლად განწესებულ წინამძღვარს, მღვდელ იოანესა და ტაძრის ყოფილ წინამძღვარს, დანიელს შორის. დაპირისპირების შემდეგ, დანიელმა თქვა:
„აქ არიან უტიფრები, ველაპარაკებით, რომ ხუთშაბათს არის … რაღაც შეიძლება შეხვედრა მოხდეს და ეს თემა განეიტრალდეს. ორთქლი ავიდეს, არის დაგეგმილი რაღაც შეხვედრა. რომ მოვიდა, ვთხოვე, რომ ხუთშაბათს დაველოდოთ შეხვედრას და როგორც გვეტყვიან, ისე გავაკეთოთ, არა, გინდა თუ არა, უნდა წიროთო.
სთხოვეს როგორც ძალოვანმა სტრუქტურებმა, მთავრობამაც, რაღაც დოზით, და სიტყვა მივეცი, რომ ხუთშაბათამდე გავჩერდები“, – ამბობს ის ვიდეოში, რომელსაც ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.
ნეტგაზეთს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უდასტურებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძეც. ჩვენ მას ვკითხეთ, იგეგმებოდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესების განხილვაც. “იქნება ყველაზე აქტუალური საკითხებიც“, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე საპასუხოდ და ამატებს, რომ ეს კრება მღვდელმთავრებისგან შედეგება.
„კომისიის არ არის [კრება], პერიოდულად იმართება მსგავსი კრებები, სადაც იხილავენ მიმდინარე აქტუალურ საკითხებს. ამ სხდომაზეც იქნება მსჯელობა ბოლო დროის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის სინოდალური კომისიის შესახებ”, – ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
რამდენიმე დღით ადრე, პირველ აპრილს, მონაზონი სოსანა ბოლქვაძე და მორჩილი ნინო გამყრელიძე ჭყონდიდის მონასტრიდან გარიცხეს. გარდა ამისა დასაჯეს სხვა სასულიერო პირებიც.
ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება ბოლო პერიოდში გამწვავდა.
მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მან ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია შეცვალა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა.