იტალიის მთავრობის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება ყველა იმ პირისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორშია დასაქმებული.
როგორც Reuters წერს, იტალიის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის გაძლიერებისა და იმ კლინიკებში ვირუსის აფეთქების გამო, სადაც პერსონალი აცრაზე უარს ამბობდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირები, რომლებიც აღნიშნულის მიუხედავად ვაქცინაციაზე მაინც უარს იტყვიან, უფლებამოსილება ერთი წლით შეუჩერდებათ და ამ პერიოდის განმავლობაში ანაზღაურებას ვერ მიიღებენ:
“ცვლილებების მიზანია, რაც შეიძლება მეტი სამედიცინო მუშაკის და იმ პირების დაცვა, რომლებიც დაავადების გავრცელების მომეტებული რისკის მქონე გარემოში მუშაობენ”, — წერია იტალიის მთავრობის გავრცელებულ განცხადებაში.
Reuters-ის თქმით, იტალიაში, რომლის მოსახლეობაც 60 მილიონს აღწევს, აპრილის თვეში, საშუალოდ, დღიურად 230 000 ადამიანი იცრება, ქვეყნის მიზანი ამ რიცხვის გაორმაგებაა. 2020-ის დეკემბრიდან დღემდე ქვეყანაში სულ 10 მილიონი დოზა ვაქცინაა გამოყენებული, საიდანაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს დაახლოებით 3.1 მილიონ ადამიანს.