ახალი ამბები

ნდობის რეიტინგში საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-5 ადგილზეა — IRI-ის კვლევა

5 აპრილი, 2021 • 2386
ნდობის რეიტინგში საზოგადოებრივი მაუწყებელი მე-5 ადგილზეა — IRI-ის კვლევა

ტელევიზიების ნდობის რეიტინგში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მეხუთე ადგილზეა. ამაზე მიუთითებს IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომელიც დღეს, 5 აპრილს გამოქვეყნდა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს: “რომელი ქართული ტელეარხის ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად?”. რესპონდენტს ორი ტელეარხის დასახელება შეეძლოთ.

ნდობის რეიტინგში ლიდერობს ტვ “იმედი”. ის პირველ არჩევნად გამოკითხულთა 35%-მა დაასახელა, ხოლო ორ ტელევიზიას შორის -45%მა.

“იმედის” შემდეგ ყველაზე მეტი გამოკითხული ენდობა “მთავარ არხს”, რომელიც “რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა. “მთავარი არხი” პირველ პასუხად დაასახელა 19%-მა, სხვა ტელევიზიასთან ერთად — 30%-მა.

რეიტინგში მესამე ადგილზეა “რუსთავი 2” 13%-ით (პირველი არჩევანი), მეოთხეზე — ტვ “პირველი” 8%-ით (პირველი არჩევანი).

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ნდობის რეიტინგში პირველ არჩევნად მხოლოდ 3%-მა დაასახელა, სხვა ტელევიზიასთან ერთად კი — 8%-მა.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს. შესაბამისად, მაუწყებლის დაფინანსება 2020 წელს 63 მილიონს აღწევდა, 2021 წლისთვის კი, თითქმის 70 მილიონს.


კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ.

ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. IRI აღნიშნავს, რომ შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი