ახალი ამბები

IRI-ს კვლევა: მოსახლეობის 39% ამბობს, რომ COVID-19-ზე არ აიცრება

5 აპრილი, 2021 • 633
IRI-ს კვლევა: მოსახლეობის 39% ამბობს, რომ COVID-19-ზე არ აიცრება

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, რომელიც 2021 წლის თებერვალში ჩატარდა, გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ COVID-19-ზე არ აიცრება.

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 20% აცხადებს, რომ აიცრება, როდესაც ვაქცინა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება, 24% კი ამბობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ გაივლის იმუნიზაციას.

ამასთან, გამოკითხულთა 6%-ის თქმით, ვაქცინას იმ შემთხვევაში გაიკეთებს, თუ ამას კანონი ან დამსაქმებელი დაავალდებულებს, 12%-მა კი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ.

ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. IRI აღნიშნავს, რომ შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი