ახალი ამბები

სამიზნე 60%-ის ასაცრელად ამ ტემპით სამი წელიწადი დაგვჭირდება — ივანე ჩხაიძე

5 აპრილი, 2021 • 1024
სამიზნე 60%-ის ასაცრელად ამ ტემპით სამი წელიწადი დაგვჭირდება — ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის პროცესი ამჟამინდელი ტემპებით გაგრძელდება, ქვეყანაში პანდემია დაახლოებით 3 წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ ჩხაიძემ დღეს, 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო დღეების განამვლობაში ვაქცინაციის ტემპი მომატებულია, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად — 1.5-1.7 მილიონი ადამიანის ასაცრელად — არ იქნებოდა საკმარისი.

“[ვაქცინაციის გეგმის შესარულებლად] 5000-დან 6000-მდე უნდა იყოს ყოველდღიურად ვაქცინირებული მთელი საქართველოს მასშტაბით. გვჭირდება 5 000, გვყავს 1 000. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ პანდემიას ვერ დავასრულებთ. პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ ვაქცინაციაზე. ამ ტემპით ჩვენ სამიზნე 60%-ზე გასვლისათვის დაგვჭირდება სამი წელიწადი.

თუ ჩვენ დავთვლით გარდაცვლილების რაოდენობას, რამდენია ყოველდღიური საქართველოში, ნიშნავს, რომ ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში მივიღებთ სრულიად კატასტროფულ შედეგებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა”, — განაცხადა ჩხაიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, მედპერსონალის აცრით დაიწყო. მოგვიანებით ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც. დღეიდან კი აცრის შესაძლებლობა მიეცათ 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ასევე, იმ პირებს, რომლებიც დიალიზს საჭიროებენ ან ორგანოები აქვთ გადანერგილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, 5 აპრილს, 15:00 საათისთვის 11 603 ადამიანი იყო აცრილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი