ახალი ამბები

კირთაძე იმ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს

5 აპრილი, 2021 •
კირთაძე იმ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს

გიორგი კირთაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, კონკრეტულ საჯარო მოხელეებს ასახელებს, რომლებმაც გუშინ, 4 აპრილს, ოპოზიციის და „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ კონტრაქცია გამართეს. გიორგი კირთაძემ ამ აქციის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა ბრიფინგზე იმის დასტურად, რომ აქციაზე საჯარო მოხელეები იყვნენ.

„ესენი არიან: ანზორ დავითაძე – ბონი-გოროდოკის გამგებელი, კობა ცინცაძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, გალაკტიონ ორმოცაძე – მერიის თანამშრომელი, გურამ დუაძე – ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი, ზურაბ წულაძე – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომელი, გოჩა ბარამიძე – ბათუმის მერიის თანამშრომელი, ვარშანიძე და კობახიძე – უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, გიორგი გიორგაძემ იმდენი ირბინა ცოცხით, ბოლოს სამსახურიც კი შეუქმნეს ბათუმის ავტოტრანსპორტში… ესენი იღებენ ხელფასს არა იმაში, რომ რამე ღირებული შექმნან, არამედ მხოლოდ იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ და ზოგადად, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენონ ძალა, დაარბიონ მათი ოფისები და ასე შემდეგ“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

ამ კონტრაქციამდე ბათუმში „სირცვილიამ“ აქცია გამართა – აქციის მონაწილეებმა კომენდანტის საათი გააპროტესტეს. აქციის შემდეგ სამი ადამიანი დააკავეს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდება გიორგი კირთაძის მიერ დასახელებულ საჯარო მოხელეებს იმის დასადგენად, ნამდვილად მონაწილეობდნენ თუ არა ისინი კონტრაქციაში და რამდენად მისაღებია, როცა ხელისუფლების მხარდამჭერ აქციას საჯარო მოხელეები მართავენ.

კანონი საჯარო მოხელეებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ უკრძალავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი