ახალი ამბები

მერია 35 მლნ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს – [ტენდერი]

5 აპრილი, 2021 • 896
მერია 35 მლნ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს – [ტენდერი]

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სატრანსპორტო კომპანია  35 919 468 ლარად 300 ცალ M2 კატეგორიის ავტობუსის ყიდვას აპირებს.

ნეტგაზეთს სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს, რომ საუბარია მიკროავტობუსებზე.

შესაბამისი ტენდერი სახელმნწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე უკვე ატვირთულია. წინადადების მიღება 29 აპრილს იწყება, ხოლო მთავრდება 4 მაისს.

გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსები ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა ჩამოიყვანოს.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ყველა ავტობუსი ერთი მარკისა და მოდელის უნდა იყოს, ყველა ლურჯი, ე.წ. „მეტალიკის“ ფერის. მათი გამოშვების წლად კი მითითებულია არაუადრეს 2021 წელი.

ასევე, უწყება დაინტერესებული კომპანიებისგან ითხოვს, რომ ავტობუსში, ყველაზე მცირე, 17 + 1 (მძღოლისთვის) დასაჯდომი ადგილი უნდა იყოს. შესაბამისად, მინიმუმ 17 მგზავრს იტევდეს. ამასთანავე, დამონტაჟებული იყოს არანაკლებ ორი უსაფრთხოების ბალიში მძღოლისა და წინა მგზავრისთვის, ყველა სავარძელზე კი დამონტაჟებული იყოს სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი.

შემოთავაზებული ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. სკამების ჩარჩოები დამზადებული უნდა იყოს მეტალის ან მსგავსი გამძლე მასალისაგან, რომელიც ხილვად (დაუცველ) ნაწილში შეღებილი იქნება შავად.

„ავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული კონდიცირება და გათბობა. ავტობუსის კონდიცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C – +45˚C). გათბობის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში თბილი ჰაერის თანაბარი გადანაწილება. აგრეთვე, კონდინცირების სისტემა უნდა უზრუვნელყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში ცივი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას“, – წერია ტენდერში.

მოთხოვნების სრული ჩამონათვალი ნახეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი