“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხუთშაბათს, 8 აპრილს, ჩაინიშნა.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პროცესზე დაცვის მხარე ახალ შუამდგომლობებს დააყენებს როგორც ახალი მტკიცებულებების დაშვებასთან, ასევე ნიკა მელიასთვის სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლების მიცემასთან დაკავშირებით.
“ჩაინიშნა არსებითი სხდომა. წინასწარ არ არის ცნობილი, ამავე სასამართლო პროცესზე მოსამართლე იმსჯელებს თუ არა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან მიმართებით. მას აქვს ამის ვალდებულება, ორ თვეში ერთხელ და არაუგვიანეს 17 აპრილისა უნდა მოხდეს. ვინაიდან პირველი არსებითი სხდომაა, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ შუამდომლობით მოვითხოვთ, რომ ნიკა მელიას მიეცეს უფლება, დაესწროს აღნიშნულ სასამართლო სხდომას”, — განუცხადა კონდახაშვილმა “ფორმულას”.
მისივე თქმით, მოსამართლე ვალდებულია, ორ თვეში ერთხელ გადასინჯოს, რამდენად არის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის განგრძობადობის საფუძველი. როგორც ადვოკატი ამბობს, ვინაიდან მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდეს, მოსამართლემ მისი აღკვეთის გადასინჯვაზე, დიდი ალბათობით, ამავე სხდომაზე უნდა იმსჯელოს.
“რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას, მოსამართლე, დიდი ალბათობით, იმსჯელებს ამ საკითხზე და თუკი იგი იხელმძღვანელებს სამართლებრივი თვალსაზრისით, 100%-ით უნდა მოხდეს ნიკა მელიას სასამრთლო სხდომიდან გათავისუფლება”, — განაცხადა კონდახაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 17 თებერვალს პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მელიამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა გირაოს გადახდაზე.