ახალი ამბები

„პოლიციელების თვალწინ მცემეს“ – აქტივისტი, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა

5 აპრილი, 2021 •
„პოლიციელების თვალწინ მცემეს“ – აქტივისტი, რომელმაც დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა

„სასტიკად მცემეს, ყველაფერი მტკივა, პოლიციელები უყურებდნენ ამას და არაფერი გააკეთეს“, – ამბობს „ალტერნატივის“ აქტივისტი ირაკლი ფანგანი. ირაკლი ფანგანის თქმით, მას გუშინ ღამით ქაშუეთის ეკლესიის წინ სცემეს, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი.

„მომიკითხა უცნობმა კაცმა და გამიყვანა ცოტა მოშორებით, მიხსენა ბათუმის ინციდენტი და რაღაც, არ მაცალა პასუხის გაცემა, პირდაპირ დამიწყო ცემა, ჩავლეიშვილი არ უხსენებია… მირტყამდა და მაგინებდა, მერე დამინახეს კარვიდან და მომეშველნენ. იმ კაცს მეორე კაციც ახლდა და ის დაეხმარა გაპარვაში… კლინიკაში გადამიყვანეს, ტვინის შერყევა დამიდგინეს და დაჟეჟილობა, მერე გამოკითხვაზე ვიყავი და ახლა ისევ კარავში ვარ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი ფანგანმა.

ირაკლი ფანგანი ის აქტივისტია, რომელმაც 23 იანვარს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. ირაკლი ჩავლეიშვილი ერთადერთი დეპუტატია ოპოზიციიდან, ვინც უმაღლეს საბჭოში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება ფიზიკური ძალადობის მუხლით. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა. „ირაკლი ჩავლეიშვილის საქმეზე“ ირაკლი ფანგანი გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი