ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინა უკვე შემოსულია, ამ ვაქცინის სანდოობაზე კი მსოფლიოში კითხვები არ ისმის.
დღეს, 5 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა [NCDC] და ჯანდაცვის მინისტრმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ტიკარაძემ ამ ბრიფინგზე თქვა, რომ შაბათს, 3 აპრილს „სინოფარმის“ 100 000 დოზა მიიღო საქართველომ. ეს დოზა დაახლოებით 50 ათასი ადამიანისთვისაა სამყოფი.
„უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის „სინოფარმი“ აღიარებული, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ვაქცინა დაშვებულიყო საქართველოს ბაზარზე.
40 მილიონ ადამიანზე მეტი არის აცრილი სინოფარმის ვაქცინით, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის და ავტორიზაციას ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. გვაქვს ინტენსიური მიმოწერა, რის შედეგადაც, საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში“, – აცხადებს ტიკარაძე.