ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო. თუმცა ამ სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.
შსს-ის ინფორმაციით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში.
„გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს“, – აცხადებენ შსს-ში.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი; საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – წერს უწყება.
4 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 ადამიანი.
კოვიდით ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა, კიდევ 7 გარდაცვლილი – 4 აპრილი