3 აპრილს საქართველომ ჩინური წარმოების “სინოფარმის” ვაქცინის 100 000 დოზა მიიღო.
აღნიშნულ ვაქცინას “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის” ავტორიზაცია, ჯერჯერობით, არ აქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვარაუდობენ, რომ ეს აპრილის შუა რიცხვებში მოხდება, რის შემდეგაც “სინოფარმი” საქართველოში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში ხელმისაწვდომი გახდება.
“ამ ვაქცინას, დღეის მდგომარეობით, ათეულობით ქვეყანა იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული სინოფარმის ვაქცინით.
კვლევები, რომლებიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს და ჩვენი მოლოდინი არის, რომ აპრილის შუა რიცხვებისთვის ვაქცინა მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის.
დღეისთვის, ვაქცინა ავტორიზებული მკაცრი მარეგულირებლიდან უნგრეთის წამლის სააგენტოს მიერ, რაც ჩვენი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში სრულად ჯდება და გვაძლევს პასუხისმგებლობის დაზღვევის საშუალებას ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში”, — ამბობს გაბუნია.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი “ასტრაზენეკასა” და “ფაიზერის” წარმოების ვაქცინებით მიმდინარეობს.