თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ისანში მდებარე ბინაში, სადაც გაზი ჟონავდა, ბავშვები მარტო იყვნენ დატოვებული.
კომპანიის ცნობით, სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერ 114-ზე მეზობელმა დარეკა და განაცხადა, რომ სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნობოდა.
“სწრაფი რეაგირების სამსახური ადგილზე მალე მივიდა. შემოწმდა მთელი სადარბაზო. სპეციალურმა ლაზერულმა აპარატმა გაზის მაღალი კონცენტრაცია პირველ სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააფიქსირა. ბინაში მხოლოდ ბავშვები აღმოჩნდნენ. გაზქურის ონკანი კი ღია მდგომარეობაში იყო, საიდანაც გაზი ჟონავდა. შემოწმებისას ასევე აღმოჩნდა, რომ თავად გაზქურაც დაზიანებული იყო და გაზი ჩაკეტილ მდგომარეობაშიც ჟონავდა. გაზგაყვანილობა კი კუსტარულად იყო დამონტაჟებული. მოკლედ რომ ვთქვათ, 114-ის ბიჭებმა თითქმის ყველა საშიში დარღვევა ნახეს, რაც ყველა შემთხვევაში აფეთქებას გამოიწვევდა. ბინა განიავდა და გაზი გადაიკეტა. ბავშვების მშობლებიც მალევე გამოჩნდნენ. მათ გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე გაფრთხილება მიიღეს და ინსტრუქცია ჩაუტარდათ. ყურადღებიან მეზობელს კი კომპანიის სახელით მადლობას ვუხდით მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის. მას რომ დროულად არ დაერეკა თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების ნომერზე 114, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდებოდა. არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. ნუ რისკავთ საკუთარი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლით გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე სპასუხისმგებელია აბონენტი. თბილისი ენერჯი ნებისმიერ დროს უფასოდ ამოწმებს თქვენს სახლში გაზის ქსელის უსაფრთხოებას”, – ნათქვამია თბილისი ენერჯის განცხადებაში.