ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პირველ აპრილს გამოქვეყნდა. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
“სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იზრდება”, — ნათქვამია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა.
ნინო ლომჯარიას ოფისი ამბობს, რომ ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების კუთხით კვლავ რჩება ხარვეზები.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები(ფემიციდი) იყო. დოკუმენტში მოტანილია მთავარი პროკურატურის მონაცემები, რომელთა თანახმადაც 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა.
სახალხო დამცველი საუბრობს კიდევ ერთ პრობლემურ ტენდენციაზე: 2019 წელთან შედარებით 2020 წელს არ გაზრდილა, შეიძლება ითქვას, შემცირდა ძალადობის ფაქტებზე შეტყობინებების მაჩვენებელი.
“აღნიშნული მიუთითებს, რომ პანდემიის პირობებში ქალები პირისპირ აღმოჩნდნენ მოძალადეებთან, რამაც გაზარდა ძალადობის რისკები, თუმცა შეამცირა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა”, — ვკითხულობთ ანგარიშში.
2020 წელს სახალხო დამცველმა 2019 წელს მომხდარი ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეები გააანალიზა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გაანალიზებული 10 საქმიდან 9 შემთხვევაში, გამოძიების თუ სასამართლო განხილვის ეტაპზე, სხვადასხვა სახის ხარვეზები იკვეთება:
“…ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა იყო დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დროულად ცნობა. გამოძიების ეტაპზე გამოვლინდა მსხვერპლის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და მისი პირადი, სექსუალური ცხოვრებით დაინტერესება, მაშინ, როცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია საქმის გარემოებების დასადგენად.
გამოვლინდა მტკიცებულების შეგროვების პრობლემა, რამაც საბოლოოდ გავლენა მოახდინა ქმედების კვალიფიკაციაზე და სასამართლოს მიერ ბრალდებულის დამნაშავედ შედარებით მსუბუქი მუხლით ცნობაზე. ასევე, პრობლემა გამოიკვეთა გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის სახელდების მიმართულებითაც”.
სახალხო დამცველი მიესალმება ფაქტს, რომ გამოძიება მისი რეკომენდაციის შესაბამისად იკვლევდა ძალადობის წინარე ისტორიასაც. დოკუმენტის თანახმად, გაანალიზებულ საქმეებს შორის იყო ისეთი საქმეები, სადაც სისტემატური ძალადობის მიუხედავად, დაზარალებულს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებისთვის.
დოკუმენტის მიხედვით, კვლავ არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის გაცხადების მიუხედავად, ფემიციდის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ეს ვერც იმ შემთხვევაში მოხდა, როდესაც პირი ოჯახური დანაშაულის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს.
“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მოძალადეთა ქცევის კორექციის მიმართულებით მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე”, — დასძენს ნინო ლომჯარიას აპარატი.