ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ბინის საკითხზე მითხრეს, მეცხრე ეტაპზე გადახვედიო” | პენსიონერი დევნილი

30 მარტი, 2021 • 1149
“ბინის საკითხზე მითხრეს, მეცხრე ეტაპზე გადახვედიო” | პენსიონერი დევნილი

აფხაზეთიდან დევნილი 76 წლის ვალია ჭკადუა რამდენიმე წელია ფოთის დევნილთა დასახლებაში ქირით ცხოვრობს. ერთოთახიან ბინაში ქალი ყოველთვიური პენსიიდან 100 ლარს იხდის.

“ყველაფერი იქ დამრჩა, ყველაფერი, რაც გამაჩნდა, რაც ვიშრომეთ. ჩემი ქმარი ცოცხალი იყო მაშინ, გადმოვედით აქ და მოკვდა, სამეგრელოში. გული გაუსკდა. რა დღეში ვარ, რა დღე მაქვს გადატანილი,  ღმერთმა არავის არ გადაატანინოს ასეთი დღეები”.

ქალი ამბობს, რომ დევნილობის წლებში სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია.

“ერთი დახმარება არ მოუციათ ჩემთვის. მესამე წელია აქ ვარ, იციან, რომ აქ ვცხოვრობ, დევნილი ვარ, “სოციალური” მაქვს. განცხადება შევიტანე ზუგდიდში, იქით არ მომცეს ბინა, ბინის შესყიდვის ფული. მერე აქ გადმოვიტანე [საბუთები ბინის შესყიდვაზე], ფოთში. დეკემბრის თვეში გეკუთვნისო. დეკემბერში ერთი ამბავი იყო, კორონა იყო. ვერ გადავედი, ვერსად ვერ მივედი, ვიჯექი სახლში. ახლა რომ მივედი, მეცხრე ეტაპზე ხარ გადასულიო. ამასობაში ქირით ვცხოვრობ. ფულს ვიხდი ყოველ თვე. პენსიას ავიღებ, მივცემ ქირას. მერე კომუნალურებიც მე უნდა გადავიხადო და რა მრჩება პენსიიდან?”.

მასალების გადაბეჭდვის წესი