ახალი ამბები

რუსული ვაქცინის შეძენის გამო, სლოვაკეთის მთავრობა დაიშალა

30 მარტი, 2021 •
რუსული ვაქცინის შეძენის გამო, სლოვაკეთის მთავრობა დაიშალა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა რუსეთისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – სპუტნიკ V-ის შეძენის გამო ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად გადადგა.

იგორ მატოვიჩის ადმინისტრაცია ევროპის კონტიგენტზე პირველი მთავრობაა, რომელიც კორონავირუსის გამკლავებასთან დაკავშირებული მიზეზით დაიშალა, თუმცა Associated Press-ის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება მმართველ ძალად კვლავ ამჟამინდელ კოალიციას დატოვებს, რომელსაც პარლამენტში კომფორტული უმრავლეობა აქვს.

სლოვაკეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ქვეყანაში რუსული სპუტნიკ V-ის ორ-მილიონიანი შეკვეთის პირველი ნაკადი ჩავიდა.

იმ დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ ევროპის მიერ კორონავირუსის პანდემიისადმი კოლექტიურად ბრძოლის პრაქტიკა უშედეგო იყო, ამიტომაც მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და შეიძინა ისეთი ვაქცინა, რომელიც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ არ იყო ავტორიზებული.

ქვეყნის პრეზიდენტმა ზუზანა კაპუტოვამ დააკმაყოფილა მატოვიჩის გადადგომის განცხადება. მოსალოდნელია, რომ იგორ მატოვიჩი და ედუარდ ჰეგერი ახლა მთავრობაში თანამდებობებს გაცვლიან. შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება წარსულში ფინანსთა მინისტი ედუარდ ჰეგერი, ხოლო მის თანამდებობას ყოფილი პრემიერი მატოვიჩი დაიკავებს.

Guardian-ის ცნობით, ახალი მთავრობა წინასთან შედარებით მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება.

გარეკანის ფოტოზე გამოსახულია პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი სპუტნიკ V-ის დახვედრის დროს.


სლოვაკეთმა რუსეთისგან ვაქცინები ფარულად შეიძინა. ვაქცინის შეძენის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსული თვითმფრინავი ბრატისლავის აეროპორტში დაეშვა.

გარდა სლოვაკეთისა, რუსულ ვაქცინას იყენებს ევროკავშირის კიდევ ერთი წევრი – უნგრეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი