ახალი ამბები

მერია აუტიზმის მქონე ბავშვთა პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობას ზრდის

30 მარტი, 2021 • 987
მერია აუტიზმის მქონე ბავშვთა პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობას ზრდის

თბილისის მერია აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 2 აპრილს აღინიშნება, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობას ზრდის.

მერიის განცხადებით, მუნიციპალიტეტს აპრილიდან პროგრამაში დამატებით 145 ბავშვის ჩართვის საშუალება ექნება, რის შემდეგაც დააფინანსებს 1 375 ბავშვისა და მოზარდის კომპლექსური თერაპიის კურსებს.

პროგრამა 2015 წლის ივლისიდან ხორციელდება და დღემდე, მისი ბიუჯეტი 10–ჯერ, 500 ათასი ლარიდან 5 მლნ 200 ათას ლარამდე გაიზარდა. თავიდან პროგრამაში 325 ბავშვი იყო ჩართული, რომელთაც ორი ცენტრი ემსახურებოდა. დღეისთვის კი პროგრამაში შვიდი შესაბამისი დაწესებულებაა ჩართული. დასაწყისში პროგრამაში ჩართვა შეეძლოთ ორიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს. 2020 წელს მერიამ მათი ასაკი 18 წლამდე გაზარდა.

თბილისის მერია პროგრამის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსური თერაპიის 20 სეანსს აფინანსებს. ერთი ბავშვისთვის ვაუჩერის ღირებულება თვეში 400 ლარს შეადგენს, რაც მულტიდისციპლინური გუნდის – ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, ქცევითი თერაპევტის, ლოგოპედის, სპეციალური პედაგოგისა და სხვა სპეციალისტების მომსახურებას მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი