“ქართული ოცნების” წევრი კახა კახიშვილი ამბობს, რომ კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი, მაშინ როცა სხვა პროფესიები სპეციალური მიმართულებით უმაღლესი განათლების ქონას მოითხოვს. ამის შესახებ კახიშვილმა დღეს, 30 მარტს, პალრამენტის სესიაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, რადგან ქვეყანაში “პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები” არ არსებობს.
“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, რომელიც გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ გააშუქოს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის ის საკითხი, რომელიც ჩვენსადმი კრიტიკულია და შეიძლება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს შეიცავდეს და პასუხებს ითხოვდეს. მაგრამ, ამავდროულად, ყველაფერს სჭირდება რეგულაცია. ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ფაქტობრივად პასუხის გაცემის ქმედითი მექანიზმები არ არის. რამდენიმე ტელევიზიაში გავიდა რაღაც ტიპის სიუჟეტები, რომელიც აბსოლუტურად კავშირში არ არის, 1 %-ით… [რეალობასთან]. ამიტომ უკვე ზღვარს გადაცილებულია ასეთი მოქმედებები.
მინდა კითხვა დავუსვა თავად ჟურნალისტებსაც, საზოგადოებასაც: იმისთვის, რომ გახდე იურისტი, საჭიროა დაამთავრო უნივერსიტეტი, ჩააბარო გამოცდები, მიმართულება აირჩიო, მერე კიდე გამოცდები ჩააბარო და გახდები იურისტი, სამართალმცოდნე. თუ გინდა გახდე მასწავლებელი, უნდა გახდე მასწაველებელი და წელიწადში სამჯერ გამოცდებს აბარებ, რომ იყო მასწავლებელი. დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს, ელექტრონულ მედიას ვგულისხმობ, თუ ადამიანი, რომელიც უბრალოდ იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს?”, — განაცხადა კახიშვილმა.