ახალი ამბები

რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

30 მარტი, 2021 • 566
რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა

“ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა დღეს, 30 მარტს, საპატიმრო დატოვა. კერვალიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

“ერთი სინანული მაქვს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან გვენდნენ ჩვენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია, მაია[რჩეულიშვილი] აქ არის და მე 4 წელია, ჯერ კიდევ არ მოხერხდა, პრობლემა დასრულდეს. მაგრამ ახლა, როგორც იმედი მოგვეცა ჩვენ, რომ იწყება მშენებლობა, იწყება ერთ თვეში, მერიასთან ერთად, და ჩვენი ამოცანა, სანამ ვართ მე და მაია, ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდნენ თავიანთ ბინაში. მარტო ამის შემდეგ ვიქნებით მართლა თავისუფლები და მართლა ბედნიერები”, — განაცხადა კერვალიშვილმა.

“ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლომ რუსუდან კერვალიშვილს თავის დროზე 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც ამ უკანასკნელმა მოიხადა. რაც შეეხება მის დას, მაია რჩეულიშვილს, მას 7-წლიანი პატიმრობიდან 4 წელი აქვს მოხდილი და დაცვის მხარეს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, წინ არაფერი არ უდგას საპროცესო შეთანხმებას მაია რჩეულიშვილთანაც.

“მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან. ეს პროექტი სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდება. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს მხარეებს შორის, ამ შემთხვევაში მხარე, ერთი მხრივ, არის მაია რჩეულიშვილი და, მეორე მხრივ, სახელმწიფო წარმომადგენელი პროკურატურის მიერ. შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს პროკურატურასთან, ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია სრული მზაობა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი განცხადებები, ეს არის ხელმოწერილი დოკუმენტები, რომ დაზარალებულების ინტერესების დასაკმაყოფილებლად “ცენტრ პოინტმა” გადადგა ყველა ის ნაბიჯი, რისი გადადგმაც შეეძლო”, — განაცხადა ბასილაიამ.

მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა სამი მუხლით მიმდინარეობდა, სისიხლის სამართლის 194 – ე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლში სასამართლომ კერვალიშვილი და რჩეულიშვილი უდანაშაულოდ ცნო. ეს მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დანარჩენ ორ მუხლში, 180-ე (თაღლითობა) და 182-ე (მითვისება და გაფლანგვა) სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი