ახალი ამბები

რას ამბობენ სენატორი შაჰინი და რიში საქართველოში ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე

30 მარტი, 2021 •
რას ამბობენ სენატორი შაჰინი და რიში საქართველოში ვადამდელი არჩევნების შესაძლებლობაზე

აშშ-ის სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, სენატორ ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობენ, რომ საქართველოში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარტნიორები ვერ მიიიღებენ და ეს პოლიტიკურმა მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

“მე არ მინდა, ამ საკითხებზე ცალ-ცალკე ვისაუბრო და ვუთხრა მხარეებს, რა უნდა გააკეთონ. მე არ ვარ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მხარეები არიან და მხოლოდ მათ შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილებები იმაზე, თუ რა არის მისაღები და რა არა.

მე არ ვაპირებ ამა თუ იმ საკითხზე აზრის გამოხატვას. ეს მოლაპარაკების მხარეების საქმეა.

მათ უკან უნდა გადადგან ნაბიჯი, ჩაისუნთქონ და დადონ პირობა საკუთარ თავთან, რომ სურთ ეს გამოვიდეს და ამისთვის მოუწევთ დათმონ და კომპრომისზე წავიდნენ. ვფიქრობ, ამის გაკეთებაა საჭირო. თუმცა ჩვენი მხრიდან არაა სწორი ამა თუ იმ საკითხზე ჩავერიოთ გარედან. ეს მომლაპარაკებელების საქმეა”, — უპასუხა სენატორმა რიშმა.

ინტერვიუში მას ეთანხმება სენატორი შაჰინიც და დასძენს, რომ გასული არჩევნების ანგარიშის მიხედვით, იკვეთება რეფომების გატარების აუცილებლობა.

“ვეთანხმები სენატორ რიშს, რომ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა უნდა იყოს საარჩევნო რეფორმა, რომელსაც ორივე მხარე ეთანხმება. ამას შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი ვერ უკარნახებს საქართველოს. ეს თავად უნდა გადაწყვიტონ”, — ამბობს სენატორი შაჰინი.

სენატორი რიში ამბობს, რომ “არცერთი არჩევნები არაა სრულყოფილი”.

“ჩვენ შეერთებულ შტატებში ვიხილეთ ზოგიერთი ამ საკითხის სირთულე. მაგრამ, ატარებ არჩევნებს, ატარებ არსებული წესებით და ზოგი აქედან წარმატებული გამოდის, ზოგი არა. თუ ხალხი უკმაყოფილოა, მათ უნდა განიხილონ, გადმოიწიოს თუ არა არჩევნების თარიღმა და/ან რა ცვლილებები უნდა მოხდეს სამომავალოდ. ჩვენ ამაზე ვერ გამოვთქვამთ რჩევას. ადგილზე არ ვართ. ეს იმათ უნდა მოილაპარაკონ, ვინც ერთად სხედან. ორივე მხარეს მოუწევს დათმობა, ან ეს საკითხი არ გადაწყდება. გასული არჩევნების გარშემო ყველა დაპირისპირება ვერ მოგვარდება. ეს ჩავლილი ამბავია. წინ უნდა წახვიდეთ. წინ უნდა იაროთ და არა უკან”, — განაცხადა რიშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი