ახალი ამბები

გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს – კობახიძე მოლაპარაკებებზე

29 მარტი, 2021 •
გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს – კობახიძე მოლაპარაკებებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხვალ ან ზეგ საზოგადოება მოლაპარაკებების შესახებ ყველაფერს გაიგებს. ამის შესახებ მან დღეს, 29 მარტს, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, არ მოეწერა ხელი ან მოეწერა ხელი, ორივე შემთხვევაში საზოგადოება გაიგებს დეტალებს, გაიგებს ჩვენი საუბრების შინაარსს”, — განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, კრისტიან დანიელსონს მმართველი გუნდის წევრები დღეს, 6 საათზე ისევ შეხვდებიან, მანამდე კი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო შეიკრიბება და კრისტიან დანიელსონთან განხილულ საკითხებზე იმსჯელებენ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს.  როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.

გუშინ, 28 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.

17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი