ნეტგაზეთი | “შეიქმნას იმ ხალხის სათადარიგო სია, ვინც გამოუყენებლი ვაქცინით ასაცრელად მზადაა” — პეტიცია “შეიქმნას იმ ხალხის სათადარიგო სია, ვინც გამოუყენებლი ვაქცინით ასაცრელად მზადაა” — პეტიცია – Netgazeti
RU | GE  

“შეიქმნას იმ ხალხის სათადარიგო სია, ვინც გამოუყენებლი ვაქცინით ასაცრელად მზადაა” — პეტიცია

ასობით მოქალაქე ხელს აწერს პეტიციას, რომელიც ვაქცინაციის სათადარიგო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. პეტიციის ელექტრონული ვერსია Manifest.ge-ზე 27 მარტს აიტვირთა.

„აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაამატეთ სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით“, — ამბობენ პეტიციის ავტორები.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სათადარიგო სიის შექმნა რამდენიმე მიმართულებითაა სარგებლიანი, მათ შორის, „იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს“.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ხვალიდან, ანუ 30 მარტიდან იწყება „ფაიზერის“ ვაქცინაციაც. ამ ეტაპზე იცრებიან სამედიცინო სფეროს მუშაკები, 65 წელს ზემოთ ადამიანები და  საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ან/და პოლიტიკოსები.

რაც შეეხება გაფუჭებულ ვაქცინებს, ასეთი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა, თუმცა, რაოდენობრივად – ცოტა. ამასთანავე, „ასტრაზენეკას“ თითო შეფუთვაში არის 10 დოზა, რომელიც გახსნისთანავე უნდა გამოიყენონ. თუ გახსნისას 10-ზე ნაკლები ადამიანი აიცრა, ნაშთი შემდგომ გამოუსადეგარი ხდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან